“2013 წლის 14 მაისს გელა ხვედელიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით – სხვისი პირადი საიდუმლოს უკანონოდ ხელყოფისთვის იმ პირის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან პირადი მოტივით, ერთ–ერთი მოქალაქის ანგარიშსწორების მიზნით, ინტერნეტსივრცეში უკანონოდ გაავრცელა მისი შეცნობით ამ მოქალაქის და სხვა ორი პირის პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
იმავე დღეს ბრალდების მხარემ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ გელა ხვედელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და მხარი დაუჭირა აღნიშნულ მოთხოვნას სასამართლოში.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და 2013 წლის 15 მაისს ბრალდებულ გელა ხვედელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 5000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.
ბრალდების მხარე გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს პროკურორი შაქრო ზაალიშვილი წარმოადგენდა. მან პროცესზე ხვედელიძის დაპატიმრების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ მისი მოსაზრება არ გაიზიარა.