შესაბამისი განცხადება ივანიშვილმა დღეს, 13 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
“ჩემი ინფორმაციით, პროკურატურას აქვს საფუძვლიანი შეკითხვები და ეჭვი, თუმცა წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ კულტურულად მოიქცა მინისტრი [დავით] კირვალიძე, როდესაც გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა”, – აღნიშნა პრემიერმა.
ივანიშვილის განცხადებით, მისი ოცნებაა, რომ ამ საქმეში კირვალიძე და სხვები გამართლდნენ, თუმცა ეჭვი ეპარება, რადგან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მასაც გააჩნდა კითხვები. პრემიერის თქმით, იგი ჯერ არ აპირებს ახალი მინისტრის დანიშვნას.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ 2 მაისს პრემიერ-მინისტრს მიმართა მისი უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააკმაყოფილა.
“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შ.პ.ს. “მექანიზატორის” რამდენიმე თანამშრომელი. ამ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ და უმრავლესობა ჩემი მეგობარია. მათ შორის არის ჩემი მასწავლებელიც. ყველა მათგანი არის ძალიან წესიერი პიროვნება და თითოეულს დიდ პატივს ვცემ. მე დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად ველოდები, რომ სიმართლე მალე გაირკვევა და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან კარგად.
გამომდინარე აღნიშნული სიტუაციიდან, მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე. დღეს მთავრობის სხდომაზე ვითხოვე უფლებამოსილების შეჩერება, სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა.
მიმდინარე პროცესებში ნებისმიერი სახის ჩარევა, ზეწოლა და მანიპულირება იქნება ძალიან ცუდი. ვაცადოთ შესაბამის ორგანოებს დაადგინონ სიმართლე. რაც მთავარია, გავითვალისწინოთ ერთი რამ – უდანაშაულობის პრეზუმპცია”, – განაცხადა კირვალიძემ.
კირვალიძის განცხადებით, ის დროებით დატოვებს თანამდებობას, ვიდრე სამინისტროში გამოძიება არ დასრულდება.








