ახალი ამბები

IDFI-ს შრომის ანაზღაურებაზე კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

30 აგვისტო, 2017 • 1603
IDFI-ს შრომის ანაზღაურებაზე კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

IDFI მიიჩნევს, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონპროექტი სრულად ვერ ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებასთან დაკავშირებით წლების განმალობაში დაგროვილ გამოწვევებს და აუცილებელია პარლამენტში წარდგენამდე შეიცვალოს რამდენიმე აუცილებელი საკითხი.

IDFI მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების სფეროდან გამონაკლისების დაწესება არ არის მიზანშეწონილი, რადგან აღნიშნული პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპთან.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ახალი კანონის გავრცელება არ არის დაგეგმილი სხვადასხვა უწყების სპეციალური ან სამხედრო წოდების მოსამსახურეებზე, პროკურატურის მუშაკებზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მოსამსახურეებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებზე.

IDFI-ს შფასებით შემოთავაზებული კანონპროექტის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს სხვადასხვა რანგის მიხედვით მოცემული კოეფიციენტების სისტემაა, რომლის კატეგორიებიც 1-დან 10-მდე მერყეობს. მაგალითად, თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ საბაზო თანამდებობრივ სარგოდ 1000 ლარი განისაზღვრა, ერთი და იმავე კლასის მოხელის სარგო შესაძლებელია იყოს 2,000 ლარი, 2,500 ლარი, 5,000, თუმცა არაუმეტეს 6,000 ლარისა. სარგოს რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კატეგორიაში მოხვდება აღნიშნული მოხელე.

IDFI მიიჩნევს, რომ ამ სისტემის გამოწვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არის განსაზღვრული, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს მოხელისთვის კონკრეტული კატეგორიის მინიჭება, ხოლო კოეფიციენტის განსაზღვრა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მოხდება.

IDFI მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელფასო კოეფიციენტების კატეგორიების კონკრეტული წინაპირობების მიხედვით განსაზღვრას, მაგალითად: საჯარო მოხელეთა კლასზე დაყრდნობით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობდა კარიერულ ზრდაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის დამკვიდრებას და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ანაზღაურების სისტემას.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ცალკე კოეფიციენტების ცხრილით, რომელიც 5.00-დან 10.00-მდე მერყეობს. მაგალითისათვის, შემოთავაზებული ცხრილის მიხედვით, სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელს შესაძლებელია ჰქონდეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრზე, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრზე და ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (მათ შორის პირველ) მოადგილეზე უფრო მაღალი თანამდებობრივი სარგო, რაც IDFI-ს არალოგიკურად და გაუმართლებლად მიაჩნია, რადგან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება, კორუფციის რისკის შემცირების მიზნებიდან გამომდინარე მაღალი უნდა იყოს.
IDFI-ის რეკომენდაციაა, რომ შემცირდეს განსხვავება საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტებში, რადგან ისინი არსობრივად ერთნაირი ტიპის თანამდებობებს წარმოადგენენ. შემოთავაზებულ კანონპროექტში განსხვავებები არის მსგავსი ტიპის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივ სარგოებს შორის. მაგალითად, საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი არის 8.50, მაშინ, როდესაც ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისთვის მოცემული კოეფიციენტი 6.0-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი