“თავისთავად დეპუტატებზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, არის სრულიად არაცივილიზებული, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, ნორმალურში, ასეთი ფორმით, ასეთი სახით, მე ხშირად ჩემი სტუმრები დამყავს მაგ ადგილზე, მაგრამ გუშინ ვიყავი სამსახურში, ზუსტად რა მოხდა, იმედია გაარკვევს პოლიცია, მოხდა ის, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ქუჩებში. მოხდა ის, რომ არის დიდი ჯგუფი კანონდამრღვევი, თავგასული ადამიანების, რომელთაც აქვთ დაუსჯელობის სინდრომი”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან „la truffe”-ში მომხდარი ინცინდენტის შედეგადად საპარლამენტო უმცირესობის ორი წარმომადგენელი დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე რესპუბლიკურ სავადმყოფოში აღმოჩნდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
დეპუტატების გარდა ინციდენტის დროს დაშავდა სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზიაც.
გუშინ საღამოს რესტორანში იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან რესტორანი ინცინდენტამდე დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით აღიძრა. გარდა ამისა, შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ რესტორანში იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ცოლთან ერთად, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.
“სამართალდამცველები ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ. მათ შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ”– ნათქვამია განცხადებაში.