დეპუტატების გარდა ინციდენტის დროს დაშავდა სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზიაც.

 

“საყვარელიძის დიაგნოზი თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების  მოტეხილობა, მარჯვენა მტევნის მეორე თითის ნაკვეთი ჭრილობა. გოროზიას რაც შეეხება, მარჯვენა მტევნის მესამე, მეოთხე ძვლების მოტეხილობა, ხოლო ვაშაძე გიორგის -თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, გაწერილები არიან ბინაზე ამბლატორიულ მკურნალობაზე”.–განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა. 

 

დაშავებულები რესტორანში მომხდარი ინცინდენტიდან მალევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში იმყოფებოდნენ დეპუტატები: ლევან ბეჟაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი. თბილისის მერი გიგი უგულავა. 

 

“მოხდა კრიმინალური თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის წევრებზე სწორედ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ჩვენს კოლეგებს მიღებული აქვთ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, მოტეხილობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ დაჟინებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, სამართლადამველი ორგანოებისაგან, რომ პრესტიჟის საქმეა, ერთი საქმე მაინც ასეთი თავდასხმების და პოლიტიკური ზეწოლების ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული”.– განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

 

თავის მხრივ ინცინდენტის მეორე მხარის მონაწილე  მამუკა ბაკურია აცხადებს, რომ შელაპარაკების ინსპირატორი ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია გახდა:

 

“ვიყავი ჩემს სამ მეგობართან ერთად, ორი მანდილოსანი და მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, ჩემდა სამწუხაროდ, მთელი დარბაზი, სამწუხაროდ, არ ვიცოდი, თორემ არც შემოვიდოდი, რახან  პრეზიდენტიც აქ იყო, 20–30 კაცი იყვნენ, მანდილოსნებიც ახლდათ. ჩემს სუფრაზე მყოფ მანდილოსანს რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენა ერთ–ერთმა. შელაპარაკება მოხდა ვინმე მელიასთან, რომელიც არის გამგებელი. რომ  მივხვდი, სიტუაცია დაიძაბა, წამოვდექი, ამ ბატონს ვუთხარი არ შეიძლება-თქო და ვაჩვენე მხარზე ხელით და თუ შეიძლება მიბრძანდით თქვენს მაგიდაზე-თქო. ჩემს ჟესტს მოყვა იმათთან რამდენიმე კაცის წამოწევა და პირდაპირი ღია აგრესიის გამოხატვა, დედის გინებით და მუშტით”– განაცხადა მან. 

 

გუშინ საღამოს რესტორანში იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან რესტორანი ინცინდენტამდე დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით აღიძრა. გარდა ამისა, შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ რესტორანში იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ცოლთან ერთად, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.

 

“სამართალდამცველები  ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ. მათ შესაბამისი  უწყებები უკვე დაეგზავნათ”– ნათქვამია განცხადებაში.  

 

შეგახსენებთ, რომ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით სოციალურ ქსელ “ფეისბუქით” გავრცელდა. პარლამენტარმა მარიამ საჯაიამ პირად გვერდზე დაწერა, რომ  საპრეზიდრნტო კამპანია აგრესიის კამპანიით დაიწყო.

“რამდენიმე წუთის წინ ე.წ. პოლიტპატიმრები თავს დაესხნებ დეპუტატებს: საყვარელიძეს ცხვირი აქვს გატეხილი, ვაშაძეს – თავი.  პოლიტიკური ანგარიშსწორება უკვე ქუჩებში ინაცვლებს. სრული განუკითხაობა სუფევს ქვეყანაში!”- წერს საჯაია. 

 

ის, რომ ინციდენტში პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ, რამდენჯერმე გაჟღერდა, რასაც ინცინდენტის ერთ–ერთი მონაწილე მანანა გიორგობიანი ასევე “ფეისბუქით” გამოეხმაურა:

 

“არ ვართ პოლიტპატიმრები და არც არასდროს ვყოფილვართ ნასამართლევი”– წერს იგი. 

 

მოგვიანებით დეპუტატმა მარიამ საჯაიამაც განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები არ იყვნენ პოლიტპატიმრები:

 

“დეპუტატებს თავს დაესხა მამუკა ბაკურია – ცოტნე ბაკურიას ძმა. როგორც ირკვევა, მამუკა ბაკურია ე.წ. პოლიტპატიმარი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერს ცვლის, მაინც ვაზუსტებ”– წერს საჯაია. 

 

შეგახსენებთ,  სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ფაქტზე სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”  ქვეპუნქტის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ელ განყოფილებაში აღიძრა.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *