ახალი ამბები

აშშ-ის საელჩომ მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა

26 აგვისტო, 2017 • 1950
აშშ-ის საელჩომ მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ის სახელით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს მხარდაჭერის სახით 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი საჩუქრად გადასცა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს, 26 აგვისტოს მეხანძრე-მაშველებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი შეხვდა.

შსს-ს ცნობით, ელიზაბეტ რუდმა აღფრთოვანება გამოხატა ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების პროფესიონალური მუშაობის გამო.

„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ჩვენ ვიცით, რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი”, – აღნიშნა რუდმა.

გირჩევთ: 20 აგვისტოდან დღემდე – 11 ხანძარი და დამწვარი 133 ჰექტარი [რუკა]

მეექვსე დღეა ბორჯომშიხ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 25 აგვისტოს მთავრობამ განაცხადა, რომ ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა მაინც რჩება ერთეული კერები, რომელთა დამუშავება მიმდინარეობს.

ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი.

23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართვლი ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი