ახალი ამბები

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის კერები ლოკალიზებულია – საგანგებო

15 მაისი, 2019 •
ბორჯომის ხეობაში ცეცხლის კერები ლოკალიზებულია – საგანგებო

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ორივე კერა ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტერიტორია დაიწვა ხანძრის შედეგად.

უწყების თქმით, ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი, 30-მდე მეტყევე და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მუშაობდა. ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას დილიდან განაახლებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის ორივე კერასთან  მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა,  რომელიც  ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

ცეცხლი სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი