26 აგვისტო: ბორჯომში ხანძრის ცალკეული კერების დამუშავებაში ჩართულია ერთი ვერტმფრენი

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 26 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში ცალკეული კერების დამუშავებაზე მუშაობენ.

სამუშაოებში ჩართულია ერთი ვერტმფრენი, იქვე მობილიზებულია მეხანძრე და სამხედრო მაშველები. ხეობაში ნისლია, დღეს, გამთენიისას ბორჯომში წვიმდა.

ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბი მუშაობას აგრძელებს.

შსს-ს ცნობით, საგანგებო შტაბის სხდომაზე გასული ღამის მანძილზე ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები. მობილიზებულია ავიაცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ისევ ჩაერთვება, აცხადებს შსს.

სამინისტროს ცნობით, საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24-საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com