სერგეენკო: ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა საბოლოო ჩაქრობა ვერ ხერხდება

დღევანდელი დღის განმავლობაში მოხდა ხანძრის რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება, თუმცა ამინდის გამო საბოლოო ჩაქრობა გართულებულია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებს განუცხადა.

“ლოკალიზაცია მოხდა საბედნიეროდ. რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერს მდგომარეობას, თუკი ორი დღის წინ მთელი ბორჯომის ხეობის მასშტაბით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია. გარემოს დაცვის სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს ჰაერის ხარისხზე, რამდენიმე წერტილიდან იღებს ყოცელდღიურად სინჯებს,” – განაცხადა სერგეენკომ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, საბედნიეროდ, საჭიროება აღარაა რაიმე შეზღუდვის, გარდა იმ არეალებისა და დასახლებული პუნქტებისა, სადაც მოსახლეობა თვითონ იგრძნობს დაკვამლიანებას. მისი თქმით, წინასწარ ამის თქმა რთულია, რადგანაც რთულია ქარის მიმართულების განსაზღვრა.

ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძს თქმით, არაა გამორიცხული, რომ ბორჯომის ხეობაში უკვე 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია იყოს დამწვარი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.