ახალი ამბები

ცვლილება სტატუსში ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიად გარდაქმნამდე

10 მაისი, 2013 • • 2283
ცვლილება სტატუსში ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიად გარდაქმნამდე

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლუგარის ქართულ–ამერიკულ ლაბორატორიას 8 მაისს აშშ–ის ელჩთან ერთად ეწვია და დაათვალიერა, თუმცა საქართველოს მთავრობას 7 მაისს უკვე გამოცემული ჰქონდა ბრძანებულება არასამეწარმეო იურიდიული პირის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ლიკვიდაციის შესახებ. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ლაბორატორიას შეეცვალა იურიდიული სტატუსი, ის გადავა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და გახდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ნაწილი. ლიკვიდაციის დასრულებამდე ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს ანა ჟვანია, პროცესის დასრულების შემდეგ კი ორგანიზაციის სტრუქტურა ხელახლა დაკომპლექტდება.

ანა ჟვანია ამბობს, რომ 7 მაისის ბრძანებულებით ლუგარის ლაბორატორია აშშ–ს საქართველოსთვის არ გადმოუცია. ლაბორატორიის ქონება ჯერ კიდევ აშშ–ს ეკუთვნის, თუმცა, 2015 წლის ბოლომდე ყველა იურიდიული პროცედურის გავლით იგეგმება ამ ქონების საქართველოსთვის გადმოცემა. ლეჟავას ინფორმაციით, ლაბორატორიის სიმბოლური გადმოცემა საქართველოსთვის მოხდა 2011 წელს, როცა გაიხსნა და ქართულ მხარეს გადაეცა სამართავად. მის უშუალო მართვაში აშშ–ს მონაწილეობა არც არასდროს მიუღია.

ლაბორატორიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო საქართველოს პრემიერ- მინისტრი, საბჭოს წევრები კი ჯანდაცვის, ფინანსთა, სოფლის

ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია

მეურნეობის, თავდაცვისა და განათლების მინისტრები. როგორც ცენტრის დირექტორი ამბობს, სამეთვალყურეო საბჭოში ხმის უფლების გარეშე იყო ამერიკული მხარის ორი წარმომადგენელი

ანა ჟვანიას თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო მთავობის დადგენილება, რომლითაც შეიცვალა ლაბორატორიის იურიდიული სტატუსი და კერძო სამართლის იურიდიული პირიდან გახდა საჯარო სამარლის იურიდიული პირი. იმის გამო, რომ ის იყო მთავრობის დაფუძნებული აიპ–ი, ბიუჯეტში მისთვის თანხა ცალკე იყო გამოყოფილი და გაცილებით ბევრი ფუნქცია ჰქონდა:  კვლევების ჩატარების გარდა, თანამშრომლობდა უნივერსიტეტებთან, ატარებდა ტრენინგებს, ემსახურებოდა სხვადასხვა სამინისტროსა და კერძო ორგანიზაციებს და ა.შ.

ანა ჟვანიას განცხადებით, აღნიშნულმა ლაბორატორიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შერწყმის შემდეგ რომ შეძლოს მსგავსი მასშტაბის საქმიანობა, მაშინ უნდა მოხდეს ამ ცენტრის დებულების შეცვლა, რადგან მისი მოქმედების არეალი ამჟამად შეზღუდულია.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ცენტრის რეორგანიზაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ლუგარის ქართულ–ამერიკული ლაბორატორიის შექმნისთვის აშშ–ის მთავრობამ 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ლაბორატორია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს არ ჰქონდა. გარდა ამისა, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ამ ორი ლაბორატორიის შერწყმა ვერ მოხდებოდა, თუ არ შეიცვლებოდა ლუგარის ლაბორატორიის იურიდიული სტატუსი, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

„ეს ლაბორატორია იმიტომ გადმოეცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომ მხოლოდ აქ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო დადგენილება და ჩვენი თანამშრომლები არსებული ნაკლებად თანამედროვე ლაბორატორიიდან გადავლენ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, აშშ–მა საართველოში 2002 წლიდან დღემდე სულ 22 ლაბორატორიის მშენებლობა დააფინასა, გარდა ამისა, გადაამზადეს ლაბორატორიის თანამშრომლები და მუდმივად ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

მათგან მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაა ბიოუსაფრთხოების მესამე დონისთვის გათვალისწინებული, რომელიც 2011 წელს გაიხსნა, თუმცა სრული დატვირთვით აკრედიტაციის მიღების შემდეგ ამუშავდება. მას აღნიშნული აკრედიტაცია ჯერ აღებული არ აქვს, თუმცა უკვე გაიარა რამდენიმედონიანი შემოწმება საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

ამირან გამყრელიძის თქმით, რეორგანიზაციის მიუხედავად, ლაბორატორიაში წარმოდგენილი იქნება  ორი ამერიკული ინსტიტუცია 1. ამერიკის დაავადებათა ეროვნული ცენტრი CDC და 2. უოლტერ რიდის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, რომელიც სპეციალიზებულია ინფექციური დაავადებების კვლევაზე. ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ სხვადასხვა კვლევებზე. ამჟამად ლაბორატორიაში კვლევით საქმიანობას ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები ეწევიან, თუმცა ატარებენ მხოლოდ მეორე დონის ლაბორატორიის კვლევებს.

რაც შეეხება ლაბორატორიის საინჟინრო მომსახურებას და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აპარატურის გამართულ მუშაობას, ამაზეც ამერიკელი სპეციალისტები იმუშავებენ. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ქართველი მეცნიერებისთვისაც დიდი სკოლა იქნება. ცენტრის დაფინანსებას 2015 წლის ბოლომდე აშშ უზრუნველყოფს, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მიმდინარეობს მსჯელობა დაფინანსების გაგრძელებაზე, ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა სამეცნიერო გრანტის მოპოვება, კვლევებზე შეკვეთების მიღება საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან და ა.შ

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობების მქონე ლაბორატორია თავისი პოტენციალით კავკასიის რეგიონში. ამ ლაბორატორიების ქსელის ფუნქცია გახლავთ ადამიანისა და ცოხველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სხვადასხვა მძიმე ინფექციების აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მეცნიერულ კვლევას. მსგავსი ინფექციაა, მაგალითად, ჯილეხი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და ა.შ.

ბიოუსაფრთხოების მესამე დონე ლაბორატორიისთვის ნიშნავს შემდეგს: საერთაშორისო ნორმებით ზოგიერთ საშიშ ინფექციაზე საჭიროა მუშაობა ბიოუსაფრთხოების მესამე დონის დაცვით, რაც გულისხმობს, რომ იქ მომუშავე პერსონალი და სხვა ადამიანები იყვნენ უფრო უსაფრთხოდ, დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი გამოიყენეონ ისეთი ინფექციების კვლევისას, როგორიცაა ტულარემია, ჯილეხი, შავი ჭირი, გრიპის ზოგიერთი სახეობა და ა.შ“,  – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ამ ვირუსებზე სამუშაოდ საჭიროა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით. აღნიშნულ ლაბორატორიაში კი იმიტომ ჩაიდო ასეთი ინვესტიცია(100 მილიონი აშშ დოლარი), რომ იქ იყოს უზრუნველყოფილი დაცვის ორმაგი და სამმაგი დონე .

ლუგარის ლაბორატორიაში
ლუგარის ლაბორატორიაში

ანა ჟვანია ლუგარის ლაბორატორიას მისი ლიკვიდაციის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე კვირა უხელმძღვანელებს. ის ამბობს, რომ მესამე დონის ლაბორატორიის გარშემო საზოგადოებაში უსაფუძვლო მითები და არასწორი წარმოდგენებია შექმნილი:

„ეს არის უკეთესი დაცვა იმ ადამიანების, ვინც იქ მუშაობენ და უფრო ხარისხიანი კვლევების ჩატარება და არა პრინციპულად ახალი რაღაცის კეთება. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მსგავსი კვლევები პერიოდულად სულ ტარდება.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ვინც ატარებს კვლევებს ტუბერკულოზზე, გამოიყენონ მესამე დონე. ეს არ ნიშნავს, რომ ტუბერკულოზი მესამე დონის ვირუსად იქცა, არამედ მას იკვლევენ უსაფრთხოების უფრო გაზრდილი ნორმების დაცვით, რის შედეგადაც კვლევის ხარისხიც დაცულია“, – ამბობს ანა ჟვანია.

მისივე თქმით, რაც ლუგარის ლაბორატორიას სხვა, საქართველოში აქამდე არსებულ ლაბორატორიებისგან განასხვავებს, ეს არის გენეტიკური კვლევები.

„ჩვენ გვაქვს დანადგარი, უნიკალური დანადგარი, რომელიც ადამიანის გენუმს შლის 24 საათში, წინამორბედები კი ამას აკეთებდნენ 1 თვეში, 3 თვეში და ა.შ.“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ანა ჟვანიამ.

ჟვანიას თქმით, ივნისის შუა რიცხვებში უნდა მოხდეს ლაბორატორიის მესამე დონის შემოწმება და მან უნდა მიიღოს ამ დონის აკრედიტაცია. აკრედიტაცია რომ მიიღოს, ლაბორატორიამ უნდა გაიაროს შემოწმების რამდენიმე ეტაპი. პირველი არის ინფრასტრუქტურის მოწყობა და შემოწმება, შემდეგ სხვა კომპანია ამოწმებს უსაფთხოებას; ამის შემდეგ ხდება კორექტირება და ხელახლა მოხდება შემოწმება. იმისათვის, რომ ლაბორატორიამ მიიღოს საერთაშორისო კვლევები, უნდა გაიაროს აკრედიტაცია.

გარდა ამისა, აკრედიტაციის გამცემი ინსტიტუციები (ISO, ILAC და სხვ) ასევე ამოწმებენ თანამშრომელთა კვალიფიკაციასა და უკვე ჩატარებული კვლევების ხარისხს. შესაბამისად, აკრედიტაციამდე გარკვეული კვლევები უნდა ტარდებოდეს.

ანა ჟვანიას თქმით, ლუგარის ლაბორატორიის შენობა ისეთი კონსტრუქციითაა ნაგები, რომელიც ძლიერ მიწისძვრას ადვილად გაუძლებს, გარდა ამისა, დამონტაჟებულია უსაფრთხოების სისტემები და ავარიის შემთხვევაში ლაბორატორიას შეუძლია ავტონომიურ რეჟიმში იმუშაოს შეუფერხებლად, რადგან აქვს წყლისა და ელ. ენერგიის ავტონომიურ რეჟიმში მიწოდების ორი დამოუკიდებელი სისტემა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მესამე და მეოთხე დონის ლაბორატორიების რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში ასს გასცდა, რასაც  უფლებადამცველებისა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტი მოყვა.

ტელეკომპანია ABC-ს არაერთი ჟურნალისტური მასალა აქვს მომზადებული აშშ–ში მსგავსი ლაბორატორიების უსაფრთხოებაზე. როგორც მედიასაშუალება ერთ–ერთ სტატიაში წერს, ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიების მომრავლებამ ბოლო წლებში ამერიკის მოსახლეობაში გააჩინა კითხვები მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იმართებოდა საპროტესტო აქციები, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მსგავსი ტიპის ლაბორატორია უსაფრთხოა გარემოსთვის, ხოლო აუცილებელია მეცნიერებისთვის, რათა მათ შეძლონ ისეთი ინფექციების კვლევა, როგორიცაა- ჯილეხი, ქათმის გრიპი, შავი ჭირი  და ა.შ. მსგავსი ლაბორატორიების რიცხვის ზრდასთან ერთად ხელისუფლება ლაბორატორიებს უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს.

მიუხედავად უსაფრთხოების ზომების დაცვისა, ატლანტაში, ერთ–ერთ ბიოლაბორატორიაში მაინც მოხდა აირის გაჟონვა ლაბორატორიის ერთ–ერთი განყოფილებიდან 2012 წლის თებერვალში. როგორც სი–ენ–ენი იტყობინება, ინციდენტისას არავინ არ დაშავებულა, რადგან იმ დროს ლაბორატორიაში არანაირი ცდები არ მიმდინარეობდა, ინციდენტის გამოძიება კი კონგრესმა დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი