ახალი ამბები

ალავიძე: ბორჯომის ხეობაში შესაძლოა 100 ჰექტარზე მეტი იყოს დამწვარი

24 აგვისტო, 2017 • 1979
ალავიძე: ბორჯომის ხეობაში შესაძლოა 100 ჰექტარზე მეტი იყოს დამწვარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ვითარება ამ დროისათვის ბორჯომის ხეობაში დამაიმედებელია. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს დამწვარი ტერიტორიის ზუსტი ფართობის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ის შესაძლებელია 100 ჰექტარსაც აჭარბებდეს. მინისტრის თქმით, სამუშაოებს დღის საათებში ამოვარდნილი ქარი ართულებს:

“ბოლო ინფორმაცია გვაქვს დამაიმედებელი. ახლანდელი სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეებია, რაც აქ ვიმყოფებით, სამიდან ექვსამდე იცის ქარი, რაც აღვივებს. ველოდებით ახლა სიტუაციას, ასე თუ გაგრძელდა, ახლა რა მდგომარეობაც გვაქვს, ძალიან დამაიმედებელია. ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის შესაძლებელი იქნება, თუ ქარმა სასწაული არ მოახდინა, ლოკალიზებას მოვახდენთ და უკვე სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ.

ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. გაწია როგორც ავიაციამ, ისე ცოცხალმა ძალამ და ტექნიკამ. ძალიან ბევრი სტრუქტურაა ჩართული და მთებზე რკალი გვაქვს, ფაქტობრივად, მთლიანად ამ ხანძრის ტერიტორიის იმიტომ, რომ მოწყვეტილი იყოს ძირითადი ნაწილი დამწვარი ტყის, რომ იქით აღარ გავრცელდეს ხანძარი. გავიყვანეთ 10 კილომეტრამდე გზა ძალიან მაღალ მთებში, ფაქტობრივად, მიუდგომელ ადგილებში იმისათვის, რომ გაგვეცალკევებინა ხაძარი ცოცხალი ტყისგან.

დაახლოებით 1500-მდე ცოცხალი ძალა მუშაობს; მუშაობს ჩვენი ტექნიკა, დაახლოებით 60 ერთეული და 25 ერთეული არის ჩვენი მეზობლების. საკმაოდ რთულია, 4-პროცენტიან აღმართებზე გვიწევს ასვლა, იქ გზების კეთება და მიტანა ცისტერნების, წყლით უზრუნველყოფა მეხანძრეების და მაშველების.

დაახლოებით 20 სანტიმეტრზე დახეთქილია მერქანი მთლიანად ყველგან – ორი თვეა არ უწვიმია. დაბასთან ორთქლი ამოდის, უბრალოდ. ტექნიკური ორთქლიც ამოდის. გვაქვს რამოდენიმე კერა ქვემოთ და ვერტმფრენები ამუშავებენ ინტენსიურად.
დღეს თუ ქარმა არ შეგვიშალა ხელი, ხვალისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. დიდი ვარაუდი გვაქვს, რომ შევძლებთ ლოკალიზებას,'” – აცხადებს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი