ახალი ამბები

გადაიხედება თუ არა მანიფესტაციების შესახებ კანონი?

6 მაისი, 2013 • 1268
გადაიხედება თუ არა მანიფესტაციების შესახებ კანონი?

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „კანონი მანიფესტაციისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“ დასახვეწია, რადგან გამოხატვის თავისუფლებას გარკვეულწილად ზღუდავს.

 

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის ძალიან რთული ტესტი ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, საქართველოსთვის,

 

„საქართველოში პირველი ოქტომბრის შემდეგ ჩვენმა ქცეყანამ რეალურად დაიწყო შეკრების თავსიუფლების უზრუნველყოფა. ამ ახალ კულტურაში, რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეებიც ჩაიდენენ შეცდომებს და პოლიციელებიც. ჩვენ ახლა ვსწავლობთ, მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურები, შეკრების თავისუფლების ძირითად პრინციპებს.“

 

„როცა იუსტიციის სამინისტროსთან იმართება აქცია, მე თვალს ვხუჭავ ხოლმე, როცა აქციის მონაწილეები პირდაპირ კარებთან არ იცავენ კანონს. მე მევალება კანონით, რომ ისინი უკუვაგდო, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ. მე ვარღვევ კანონს განზრახ, რადგან მაქვს, როგორც მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, მაღალი ტოლერანტობა შეკრების თავისუფლების მიმართ. ვთვლი, რომ ეს კანონი მანიფესტაციების შესახებ დახვეწას საჭიროებს ამ მხრივ.“

 

იუსტიციის მინისტრი 1 მაისის აქციასაც შეეხო და განაცხადა, რომ ხანდახან მომიტინგეები არღვევდნენ კანონს და ხანდახან პოლიციაც „სცოდავდა“:

 

„თუ მხოლოდ გავრცელებული კადრებიდან ვიმსჯელებთ, მომეჩვენა, რომ ხანდახან აქციის მონაწილეები არღვევდნენ შეკრების თავისუფლების პრინციპებს და ხან პოლიცია სცოდავდა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთი იყო “დამნაშავე“ ამ საქმეში. როდესაც აქციის მონაწილე ლეგიტიმური მოთხოვნით და ლეგიტიმური პროტესტით გამოდის, თუმცა მას შეუძლია არალეგიტიმური მოთხოვნაც თავისუფლად გამოხატოს ქუჩაში, აქვს გარკვეული ვალდებულებებიც- თუ საჭირო არ არის, ქუჩა არ უნდა გადაკეტოს, იმიტომ, რომ ამით მესამე პირის უფლებები ირღვევა.

 

ასევე პოლიციას აქვს ვალდებულება, რომ, თუკი არსებობს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი, ისინი თავიდანვე გააცალკევოს ერთმანეთისგან და ორივე ჯგუფმა საკუთარი პროტესტი მშვიდობიან პირობებში გამოხატოს. ამ შემთხვევაში შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი