ახალი ამბები

წულუკიანი ქალების უფლებების გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს

6 მაისი, 2013 • 1175
წულუკიანი ქალების უფლებების გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს

თეა წულუკიანი განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები განსახორციელებელი ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია.

 

გიორგი მარგველაშილმა ჯიპას სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი როზა ლუქსემბურგის ოცნებაა, რადგან ამ კანონის ძალით დამსაქმებელი „ვერ გაჭაჭანდება.“

 

“მე მინდა, იმათ, ვისაც ეს ცვლილებები არ მოსწონს, იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის პირველი ტალღა შრომის კოდექსის რეფორმის და მე ვგეგმავ როგორც ქალი, არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, ვარ ქალი და ხელმძღანელი ქალი, ერთ–ერთი ჩვენი ახალი მთავრობის წევრი, ჩავუდგე სათავეში მეორე ტალღას ცვლილებებისა, რომელსაც ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია შრომით ურთიერთობებში.“

 

„დღემდე ჩვენი შრომის კოდექსი აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევდა დამსაქმებელს. მას შეეძლო ნებისმიერი დანაშაული ჩაედინა დასაქმებულის წინააღმდეგ, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს.”

 

“ეს პირდაპირ არის დაკავშირებული გაწონასწორებულ ოჯახებთან, ქალებმა სამსახურთან ერთად შექნან ოჯახები და გააჩინონ შვილები და პირდაპირ არის დაკავშირებული ქალთა უფლებები შრომით კოდექსში ქალთა უფლებებთან.”

 

ქალებთან დაკავშირებით თეა წულუკიანი ილია მეორის შემოთავაზებულ აბორტის კრიმინალიზების თემას გამოეხმაურა.

 

„არ მგონია, რომ აბორტის აკრძალვით, კანონის მეშვეობით, ჩვენ დემოგრაფიულ მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, მე მეშინია, აბორტის აკრძალვამ არ უბიძგოს ახალგაზრდა გოგონებს, ახალგაზრდა ქალებს იმისკენ, რომ მათ მაინც გაიკეთონ აბორტი, იქნება ეს სარდაფებში თუ სხვა ანტისანიტარიულ ადგილებში, იმ ადამიანების ჩარევით, რომლებსაც არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.“

 

„მე მომხრე ვიქნებოდი მაინც ერთადერთი აკრძალვის–მშობლებისთვის წინასწარ სქესის შეტყობინება. რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში აბორტი ხდება ისეთ დროს, როცა ოჯახი ელოდება ბიჭს, არ უნდა ჰყავდეს გოგო  და როდესაც სქესს შეიტყობენ, ხდება ნაყოფის მოკვდინება სქესობრივი ნიშნით. ჩემი აზრით, სანამ დემოგრაფიული მდგომარეობა ასეთ დღეშია, არ იქნებოდა ურიგო, რომ ეს აკრძალულიყო. სხვა ტიპის შორს მიმავალ აკრძალვებს მხარ ვერ დავუჭერდი.“

მასალების გადაბეჭდვის წესი