“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მოქალაქეების პირადი ინფორმაციის უკეთ დაცვის მიზნით მთავრობისთვის საკანონმდებლო ცვლილებების შეთავაზებას გეგმავს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ისინი ამ ეტაპზე ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შედარებით ანალიზს ახდენენ:
„ანალიზს რამდენიმე დღეში დავამთავრებთ. ამის საფუძველზე დაიწერება კონკრეტული ცვლილებები კანონებში. ძალიან მოცვითი ანალიზი იქნება და არ მარტო ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ვსაუბრობთ, არამედ მობილური ოპერატორების პასუხისმგებლობაზე.“
გიგაურის თქმით, ძირითადი ცვლილებები ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონს შეეხება.
ეკა გიგაური საუბრობს იმაზე, რომ ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების გატარებისას ხშირად სამართალდარღვევით ხდებოდა პერსონალური ინფორმაციის მოპოვება აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების დამზადების გზით:
„პირადი ინფორმაცია გაიცემოდა სასამართლოს დადგენილების გარეშე. და ეს მობილური ოპერატორები არღვევდნენ კანონს და არავისი პასუხისმგებლობა არ დგებოდა. თავისი ნებით არ აკეთებდნენ. ამ შემთვევაში მთავრობა და ხელისუფლება სთხოვდა მათ.“
ეკა გიგაურმა ნეტგაზეთის შეკითხვასაც უპასუხა: აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საფუძველი, იყოს დარწმუნებული მისი მთავრობის წევრების პერსონალური ინფორმაციის გავრცელების საქმესთან გაურევლობაში?
„შეიძლება, რომ ბატონი ბიძინა დარწმუნებული იყოს, რომ მის მთავრობაში ასეთი მიდგომები არ იქნება, თუმცა ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ შსს–ს მთლიანი შემადგენლობა არ შეცვლილა და არც უნდა შეცვლილიყო. მოქმედ თანამშრომელს რომ ეს გაეკეთებინა, ამის გამორიცხვა არ შეიძლება.“
ეკა გიგაური გამოძიების დასრულებას ელოდება და მიაჩნია, რომ მთავრია ვიდეოს შექმნის პერიოდისა და გამვრცელებლის ვინაობა დადგინდეს, რადგანაც „მედიასაშუალების წარმომადგენლის დაშანტაჟებასთან გვაქვს საქმე. რაც მომავალში ძალიან ცუდად შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვადასხვა პირების მიერ.“
ბიძინა ივანიშვილმა გამორიცხა, რომ მისი მთავრობის წევრებს რაიმე შეხება ჰქონოდათ პერსონალური ინფორმაციის შემცველი კადრების გავრცელებასთან.
თუმცა პირი, რომელიც ასახულია ამ ვიდეოზე ამტკიცებს, რომ ეს კადრები პრემიერ–მინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის, შსს–ს მინისტრის ლაშა ნაცვლიშვილის, მთავარი პროკურორის მოადგილის გელა ხვედელიძის ინტერესების შესაბამისად არის შექმნილი და გავრცელებული მისი დაშანტაჟების მიზნით.