ახალი ამბები

ივანიშვილი აბორტის აკრძალვის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს

6 მაისი, 2013 • 2156
ივანიშვილი აბორტის აკრძალვის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს

აბორტი
აბორტი

პოლიტიკოსები ილია მეორის ინიციატივას აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ეხმაურებიან.

 

პრემიერმა ბიძინა ივანივილმა განაცხადა, რომ დემოგრაფიულ პრობლემაზე მუშაობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანია და მასზე ზრუნვა ეკონომიკის აღორძინებით უნდა დაიწყოს:

 

„პატრიარქი სწორად აქცევს ამას ყურადღებას. მარტო ეს საკითხი [აბორტის კრიმინალიზება] არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი. დემოგრაფიულ პრობლემას პირველ რიგში სჭირდება ის, რასაც მე მუდამ გავიძახი: ეკონომიკის აღორძინება უნდა მოხდეს, ოჯახებს მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. უკეთ უნდა ეცხოვრებოდეს.“

 

„საზოგადოება ვითარდება. გაიხსნა საზღვრები, ევროპა ვიცით როგორია. ის კარჩაკეტილი ცხოვრება, რაც იყო, გვერდზე არ უყურებდნენ, რაც ხდებოდა და მაინც ახერხებდნენ გამრავლებას, ესე მარტივად აღარაა. აიწია გემოვნებამ მაღლა და შესაბამისი დაკმაყოფილების გზებიც უნდა მოვძებნოთ.“

 

პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ბაზის შესახებ მსჯელობაში:

 

„საკანონმდებლო ბაზას ერთი კაცი არ განსაზღვრავს. და მე თავს შევიკავებ მისი ანალიზისგან. მეც ჩავერევი და მეც ვიმსჯელებ. და ერთ–ერთი ვიქნები,“– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სოფელ შუხუთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მხოლოდ შერჩევითი აბორტების აკრძალვას უჭერს მხარს:

 

„სელექციური აბორტები საერთო რაოდენობაში 30% შეადგენს. აბორტების აკრძალვა ხელაღებით მიუღებელია იმიტომ, რომ შეიძლება გაიზარდოს არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი და ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის ზრდა. ამ თემას ძალიან დიდი სიფრთხილით სჭირდება მუშაობა.“

 

ილია მეორემ აბორტების აკრძალვის ინიციატივა თავის სააღდგომო ეპისტოლეში გაახმიანა:

 

“დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული).  მანამდე კი მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად.  მთავარი სწორედ განწყობის შექმნაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი