ახალი ამბები

რატომ ვერ შეიქმნა სადავო ეკლესიების შემსწავლელი კომისია

7 მაისი, 2013 • • 2402
რატომ ვერ შეიქმნა სადავო ეკლესიების შემსწავლელი კომისია

გურამ ოდიშარიამ  2012 წლის ოქტომბერში “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ  სამინისტროში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზემოთაღნიშნულ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლიდა.  დღეს კი, “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ  რატომ ვერ მოხერხდა 7 თვეში აღნიშნული საკითხის მოგვარება, ოდიშარია პასუხობს:


“ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, საბოლოოდ კომისია ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, სადავო ეკლესიებთან მიმართებაში ჩვენ ვიმოგზაურეთ, ბევრს დავდივართ რეგიონებში. სოფელ უდეში ვიყავი,  სადაც არის კათოლიკური ეკლესია, რომელზედაც ძალიან ბევრი პროტესტი იყო განცხადებული კათოლიკეებიდან, შევისწავლეთ სიტუაცია. “


მინისტრი აცხდებს, რომ  საკითხი ძალიან საფრთხილოა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებენ. მისივე თქით, “თემის ირგვლივ არსებული ტემპერატურა უნდა დაეცეს და  მშვიდად უნდა გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი”.


“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მინისტრს კონსულტაციები კათოლიკური  ეკლესიის წარმომადგენლებთან, ოდიშარია პასუხობს, რომ ჰქონდათ, ახლაც აქვთ და ხშირად ხვდებიან ერთმანეთს.


“ნეტგაზეთი” შეეცადა, აღნიშნულ საკითხებზე  ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ლა­თი­ნუ­რი წე­სის კა­თო­ლი­კე­თა სა­მო­ცი­ქუ­ლო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, მონ­სი­ნი­ორ ჯუ­ზე­პე პა­ზო­ტო ჩაეწერა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება.


კათოლიკეები საქართველოში   5 ეკლესიის დაბრუნებას ითხოვენ. ესენია- გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, სოფელ “უდეს” ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია  და ახალციხის წმინდა ჯვრის სახელობის  ტაძარი.


სოფელ “უდეს” ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ერთ–ერთი გამორჩეულია 5 ეკლესიას შორის.  კათოლიკე ეკლესიის კანცლერი მღვდელი აკაკი ჭელიძე ამბობს, რომ სოფელ “უდეში” მართლაც იყო გარკვეული სახის პრობლემები:


“ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გვაქვს. ერთი რაღაც იყო იქ, გუმბათის შეცვლას აპირებდნენ და მივმართეთ კულტურის მინისტრს. მისი ჩარევით და, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩარევითაც მოხერხდა შეთანხმება. რამდენჯემრმე შევხვდით ამ საკითხზე და თუ კიდევ სხვა რამე შემთხვევა იქნება, ნამდვილად  იმედიანად ვართ, რომ მოგვისმენენ.”


რაც შეეხება სპეციალურ კომისიას, ჭელიძის განმარტებით, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. მისი განცხადებით, კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს აქვს კავშირები სამინისტროსთან.


აკაკი ჭელიძისგან განსხვავებით, უდეში არსებულ ეკლესიასთან შეთანხმებით უკმაყოფილოა კათოლოკე მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი. მისი მტკიცებით, შეთანხმება მოხერხდა, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც კათოლიკე ეკლესია ელოდებოდა:


“რაც მე ვიცი, კომისია ჯერ არ არის შექმნილი. შეგვპირდნენ, მაგრამ… უდეს ეკლესიის  შესახებ, მართალია, შეხვედრები იყო თავის დროზე, მაგრამ არ დააკმაყოფილა, როგორც ჩვენ ველოდებოდით, მოლაპარაკების საფუძველზე.”


უდეში არსებული კათოლიკური ტაძრის შესახებ 2012 წლის ნოემბერში სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლმა ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრმა განცხადება გააკეთა, რომელიც  ტაძრის მართლმადიდებლური საეკლესიო არქიტექტურის ყაიდაზე სოლისებურად დახურვას და   ჯვრით “დამშვენებას” უსვამდა ხაზს:


“მართლმადიდებელი წინამძღვრის, მღვდელ გრიგოლისა და ადგილობრივი ეკლესიის მსახურების განმარტებით, გუმბათზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზეზი გახდა ის, რომ ტაძარში წვიმა ჩადიოდა, რასაც ტაძრის შიდა ხედიც ადასტურებს; მაგრამ,  ამასთანავე, ტაძრის მღვდელმა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან  სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ დაგეგმილია, ტაძარი სოლისებურად გადახურონ, მართლმადიდებლური საეკლესიო არქიტექტურის ყაიდაზე,  ხოლო ჯვარი „დაამშვენონ“ და მას ფრთები გაუზარდონ. მღვდელმა გრიგოლმა განაცხადა, რომ მე–20 საუკუნეში აშენებული ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ვერ იქნება და ამიტომ რეკონსტრუქციის დაწყება კულტურის სამინტროსთან არ შეუთანხმებიათ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტის საფუძველზე კი დასტურდება, რომ უდეს ღვთისმშობლის ტაძარი  შეტანილია უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი”.

 

ტოლერანტობის ცენტრის განცხადების გარდა სოფელ უდისა და არალის კათოლიკე მრევლის თხოვნის საფუძველზე ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ წერილობით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას. წერილში ნათქვამია:


„დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები უდეს ეკლესიაში, რომელსაც კათოლიკე ეკლესია მიიჩნევს თავის კანონიერ საკუთრებად. უდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აგებულ იქნა ქართველ კათოლიკეთა მიერ 1905 წელს. ეს ტაძარი 90–იან წლებში უსამართლოდ გადაეცა  მართლადიდებელ ეკლესიას. იმის გამო, რომ ამ ნაგებობასთან დაკავშირებით არსებობს დავა, სამართლის ელემენტარული ნორმების მიხედვით, ამ დავის გადაწყვეტამდე ყველაფერი უნდა შენარჩუნდეს პირვანდელი სახით. ამგვარად იყო დღემდე, მაგრამ ახლა ტაძარში მოულოდნელად დაიწყო სამუშაოები, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, და ამ სამუშაოების მიზანია ნაგებობის რადიკალური შეცვლა,”- ნათქვამია განცხადებაში.


აიხშტეტის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, თეოლოგმა  მირიან გამრეკელაშვილმა  “ნეტგაზეთს”  მიაწდოდა ინფორმაცია საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიერ 1988 წელს სამხრეთ საქართველოში მოგზაურობისას გაჟღერებული პოზიციის შესახებ. მისი თქმით, განცხადება  ჟურნალ ,,ჯვარი ვაზისას“ 1988 წლის 1 ნომერში დაიბეჭდა, მეოთხე გვერდზე, ამ ინფორმაციის თანახმად, ილია მეორემ 1988 წლის 10 ივლისს სოფელ უდეში  განაცხადა:


,,ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება –მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში,ეს უფრო პოლიტკურ ხასიათს ატარებდა და არა ღვთისმეტყველურ დოგმატურს. თანაც, ამ განხეთქილების მიუხედავად, არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის“.


ხოლო სოფელ არალში იგივე დღეს ასეთი განცხადება გააკეთა:


,,განხეთქილება მოხდა პოლიტიკური მიზეზებით და არა რწმენაში განსხვავების გამო.მე ვყოფილვარ რომში, სადაც თაყვანი ვეცი მოციქულების პეტრესა და პავლეს  წმინდა ნაწილებს.სადაც ერთად ვლოცულობდით ჩვენ და კათოლიკენი.თქვენ შორისაც უნდა იყოს სიყვარული და ერთად ილოცოთ“.

 

ილია მეორის სტუმრობა იოანე–პავლე მეორესთან
ილია მეორის სტუმრობა იოანე–პავლე მეორესთან

 

მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი კომისიები პრობლემების მისაჩქმალად და პროცესის გასაჭიანურებლად იქმნება. გამრეკელაშვილის მოსაზრებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია  ქვეყანაში კათოლიკური კულტურის წაშლას ცდილობს:


“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ამ დრომდე აქტიურად პროპაგირებული ერთიანობის იდეა სხვა არაფერია, თუ არა ჰომოგენური საზოგადოების მოდელი, რომლის სტრუქტურული აგებულებაც ტოტალიტაურ მოწყობასა და კონტროლს ემყარება. თავის მხრივ მთელ ამ რთულ კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს წილვეხდრობის, განსაკუთრებული, ერთგვარი წმინდა მიწის თეორიას. სწორედ ამ რჩეული მიწის თეორიიდან გამომდინარე, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის (ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით  ყველაზე მეტად საქართველოში პატრიარქი ილია მეორე მოსწონთ–92%) მიუღებელია საქართველოს ტერიტორიაზე მართლმადიდებელი ტაძრების გარდა სხვა საკრალური ნაგებობების ყოფნა, რადგან ეს აღარ ჯდება წარმოდგენაზე მითიური, ტოტალიტარუად ერთფეროვანი საქართველოს შესახებ, რომლის შექმნის სურვილიც დღეს საპატრიარქოს უმთავრესი ლაიტმოტივია. ამ კონტექსტში კათოლიკური ეკლესიების არათუ დაბრუნება, არამედ მათი იმგვარად შთანთქმა მიმდიანრეობს, რომ წაშლილი იქნას მათი განსხვავებული წარმოშობის დამადასტურებელი ყველა ფიზიკური ნიშანი. ანუ ხდება მათი ჩაყლაპვა კულტურული მეხსიერების თვალსაზრისით”.


კათოლიკეებისთვის სადავო ტაძრების დაბრუნების ერთადერთ შანსს ქართველი თეოლოგი საერთაშორის ზეწოლაში ხედავს, ან სახელმწიფომ ეკლესია  უნდა აიძულოს, რომ სამართლიანი ნაბიჯი გადადგან:


“გამოსავალი არის სახელმწიფოს იმ დონეზე გაძლიერებაში, როდესაც ის აიძულებს, ან დაითანხმებს საპატრიარქოს, გადადგას სამართლიანი ნაბიჯი, იმოქმედოს საკუთარი ნების წინააღმდეგ სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოების სასარგებლოდ. ჯერჯერობით ასეთი პრესპექტივა არ ჩანს. მთავრობისათვის (რომელიც არის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობა) არჩევნებში საპატრიარქოს მხარდაჭერა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კულტურული ძეგლის სვე-ბედი ან ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. დრო კი საპატრიარქოს სასარგებლოდ მუშაობს.”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი