ახალი ამბები

მარგველაშვილი შრომის კოდექსის პროექტს როზა ლუქსემბურგის ოცნებას უწოდებს

2 მაისი, 2013 • 1206
მარგველაშვილი შრომის კოდექსის პროექტს როზა ლუქსემბურგის ოცნებას უწოდებს

“ის არ მოაგვარებს შრომით ურთიერთობებს. ეს კოდექსი რაც შევიდა, რომელსაც მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები, დაწერილია კონცეპტუალურად პროფკავშირების დიქტატით და პროფკავშირები არიან ერთ-ერთი მოთამაშე ამ პროცესში. შენ თუ არ დააბალანსე პროფკავშირი ბიზნესის მოთხოვნებით, დამსაქმებლის მოთხოვნით, პროფკავშირები ხომ არ მართავენ სახელმწიფოს?! პროფკავშირები არ აწარმოებენ არც ბიზნესს, ისინი არიან ერთ-ერთი მოთამაშე და ახლა რამხელა გადახრა არის ამ ერთ-ერთი მოთამაშის პოზიციიდან. ეს შექმნის პრობლემას”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მისივე თქმით, არაადეკვატურად გაკეთებული ასეთი გადაწყვეტილება შრომით ურთიერთობებს არ დაარეგულირებს:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

“ის შრომით ურთიერთობებს გადაიყვანს არალეგალურ კონტექსტში, დასაქმებას პრობლემას შეუქმნის იმიტომ, რომ დამსაქმებელი აღარ გააფორმებს კონტრაქტს, იმიტომ, რომ ეს კონტრაქტი არის კაბალა. დარჩება ის პროფკავშირიც ცალკე, დარჩება ის ადამიანიც უმუშევარი და მერე ვიყვიროთ, რომ ევროპაში ყველაზე პროგრესული შრომის კოდექსი გვაქვს და მერე დამიწვან პარალელურად შრომის კოდექსი, ოღონდ რის გამო, ვერ გავიგე”, – ამბობს ვიცე-პრემიერი და იქვე განმარტავს, რომ არ ესმის გუშინდელი მანიფესტაციის არსი, რომელიც შრომის უფლებების დაცვას მიეძღვნა:

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რითი ავხსნა გუშინდელი მიტინგი. ამ ადამიანებს კარგად ვიცნობ და მართლა არ ვიცი, რაზე იყო მიტინგი, ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. ე.ი. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, ეგ არ ვიცოდი, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ, დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში: ვერც სახელმწიფო, ვეღარც ბიზნესი, ისეთი შრომის კოდექსი შეიქმნა. ეს ბიზნესისთვის კოშმარია და არ არის კარგი. ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, რეფორმები უნდა გატარდეს, ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ესენი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყამენ. ვინმემ გამაგებინეთ, რა ხდება, მართლა ვერ ვხვდები, რა.”


ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც იმავდროულად განათლებისა და მეცნიერების მინისტრია, ეს განცხადებები დღეს GIPA-ს სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი