ახალი ამბები

დავითაშვილი: თქვენ ხალხი არ ხართ, თქვენ ნაციონალები ხართ [VIDEO]

1 მაისი, 2013 •
დავითაშვილი: თქვენ ხალხი არ ხართ, თქვენ ნაციონალები ხართ [VIDEO]

კობა დავითაშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ პარლამენტს ქუთაისს არავინ არ ართმევს.


“ახლა დგას საკითხი, კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ის ნაწილი, სადაც დაკონკრეტებულია, რომელ ქალაქში უნდა იყოს პარლამენტი, რის შემდეგად მოგვეცემა საშუალება პარლამენტმა იმუშაოს ქუთაისშიც, თბილისშიც, ხონშიც და ა.შ”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.


თუმცა ამ განმარტების მოსმენის შემდეგ აქციის მონაწილეების მხრიდან კობა დავითაშვილის მისამართით გაისმა შეძახილები- “ჟირინოვსკი”, “წადი”, კობა დავითაშვილმა კი აქციის მონაწილეებს ასე მიმართა: “ვაი თქვენ პატრონს, თქვენ ადამიანები არ ხართ, თქვენ ნაციონალები ხართ”


ჟურნალისტის კითხვაზე, მართებული იყო თუ არა ასე მიმართვა ხალხისადმი, დავითაშვილმა უპასუხა, “ესენი ხალხი არ არის, ესენი ნაციონალები არიან, მართლმსაჯულება აღსრულდება ყველას მიმართ”. ამ რეპლიკას აქციის მონაწილეებსა და პარლამენტის წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

აქციის ორგანიზატორის ელისო კეთილაძის თქმით, რომელიც “თავისუფალი ზონის” წევრია, პარლამენტის ქუთაისში დასატოვებლად მოძრაობას იწყებენ:

“დღეს ვიწყებთ აქციებს, ეს არის მხოლოდ ანონსი იმისა, რომ იწყება მოძრაობა პარლამენტის შესანარჩუნებლად ქუთაისში. ამ აქციებს ექნება უფრო ხშირი სახე და ვიწყებთ მოძრაობას, რომ პარლამენტი შევუნარჩუნოთ ქუთაისს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის შანსი ქუთაისს შევუნარჩუნოთ სიცოცხლისუნარიანობა.”

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი გვალია ამბობს, რომ კობა დავითაშვილის ქმედება დეპუტატისთვის შეუსაბამოა:

“არ აქვს მნიშვნელობა, “ნაციონალი” გამოვა თუ ჩვეულებრივი ქუთაისელი, იმისთვის, რომ ქუთაისში დარჩეს პარლამენტი და მიეცეს განვითარების შანსი. კობა დავითაშვილი კი გამოვიდა, რომელსაც ქუთაისზე აგდებულად არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, და ადამიანი, რომელსაც ჟირინოვსკიმაც არ ჩამოართვა ხელი, ის მოდის პროვოკაციაზე და გვეძახის, თქვენ ხართ ნაციონალები, თქვენ ხართ არაადამინები, პროვოკატორები. დეპუტატისთვის შეუსაბამოდ მოიქცა კობა.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე, რომელიც პარლამენტთან ინციდენტის შემდეგ მოვიდა, ამბობს, რომ კობა დავითაშვილი და მისი თანამოაზრეები ქუთაისს ხვალინდელ დღეს ართმევენ:

“ზოგადად, როცა კობა დავითაშვილი და ძმანი მისნი ცდილობენ პარლამენტის ქუთაისში დატოვება “ნაციონალურ მოძრაობას” მიატმასნონ, გარდა იმისა, რომ ცდილობენ იდეის დაკნინებას, ამავდროულად, ქუთაისს ართმევენ ხვალინდელ დღეს, ამიტომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს და ზოგადად საზოგადოებამ შესაფასოს, კობა დავითაშვილი თავისი პოლიტიკური ეთიკით საკმაოდ არის ცნობილი.”

აქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი