2013 წლის აპრილში მერიის თანამშრომლებისთვის ოთხი ტელეფონი შეიძინეს. რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 2 462 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე მეტი – 1297 ლარი მერის მოადგილისთვის განკუთვნილი Apple ipone 5 დაჯდა. ეს ტელეფონი გელა დეკანაძეს შეხვდა. ტელეფონში მერიამ 1297 ლარი გადაიხადა.
867 ლარად ღირებული შამსუნგ Apple ipone III მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს არჩილ ვანაძეს გადასცეს. შედარებით ნაკლებფასიანი და, შესაბამისად, ნაკლებად თანამედროვე ტელეფონი ერგო ბათუმის ახალ არქიტექტორს გიორგი რამიშვილს, მას 165 ლარად ღირებული Samsung c 3782 შეხვდა; Nokia-206 – კი, რომელშიც მერიამ 133 ლარი გადაიხადა, მერის მძღოლისთვის შეუძენიათ.
მერის მოადგილე ახალი ძვირადღირებული ტელეფონის შეძენის აუცილებლობას მისი ფუნქციური დატვირთვითა და “სამუშაოს უკეთ შესრულების” მიზეზით ხსნის. “ამ ტელეფონს ყველანაირი ფუნქცია აქვს. ვიყენებ ინტერნეტს, ფოსტას და ასე შემდეგ” , – უთხრა გელა დეკანაძემ “ბათუმელებს”. კონკრეტულად რაში დაეხმარა Apple ipone 5 – ის ფუნქციები სამუშაოს შესრულების პროცესში, მერის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია.
კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ქალაქის მერმა ზოგიერთი თანამშრომლისთვის ძვირადღირებული ტელეფონის შეძენა, თავად მერს – ჯემალ ანანიძეს ვერ დავუსვით. გასული კვირის ბოლოს ის, მეორე მოადგილესთან ერთად, მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
მობილური ტელეფონები ბათუმის მერიის სამსახურებში დასაქმებულთათვის 2011 წელსაც შეიძინეს, მაშინ მერიამ მობილური აპარატის შესაძენად 11 872 ლარი დახარჯა. 742 ლარად ღირებული შავი “ბლექბერები” მაშინ მერის მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის შეიძინეს.
“ეს ტელეფონი მეც შემხვდა, მაგრამ არ ავიღე, რადგან პირადი ტელეფონით ვსარგებლობ”, -უთხრა “ბათუმელებს” მერის მეორე მოადგილე ნათია სურგულაძემ. მერიის მიერ შეძენილი “ბლექბერით” სარგებლობდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ძნელაძეც. „ცოტა ხნის წინ გამიფუჭდა და მერიას ჩავაბარე. კარგი ტელეფონი იყო, მშვენიერი. რატომ მეკითხებით? ჩემთვის დამატებითი ფუნქციები მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია ზარი შემოვიდეს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.
ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, „ბლექბერის“ თითქმის იგივე ფუნქციები აქვს, რაც გაცილებით ძვირადღირებულ ტელეფონებს, განსხვავება მხოლოდ მეხსიერების მასშტაბებშია.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ 2011 წელს შეძენილი „ბლექბერებიდან“ ერთ-ერთი, როგორც სამსახურის უფროსს, მასაც შეხვდა და ის ამ ტელეფონით სარგებლობდა. კითხვაზე რატომ გადაწყვიტა მერიამ მისთვის ახალი ტელეფონის შეძენა და რა პრინციპით განასხვავეს ვისთვის Apple ipone 5 უნდა შეეძინათ და ვისთვის Samsung c 3782, მან უპასუხა: “მე მივმართე მერს, თუ რა მონაცემების ტელეფონი მჭირდებოდა და ვთხოვე, თუ საშუალება იქნებოდა, ეს ტელეფონი შეეძინათ ჩემთვის. მოადგილემ, ალბათ, აიფონი მოითხოვა და ამიტომაც მისთვის აიფონი შეიძინეს~.
მობილური ტელეფონით სალაპარაკო ხარჯების დასაფინანსებლად მერია, 2013 წლის შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, 49 500 ლარს დახარჯავს.
2013 წლის მერიის შესყიდვების ნუსხის მიხედვით ირკვევა, რომ ყავის, ჩაის შაქრის, მინერალური წყლისა და საკონდიტრო ნაწარმის შესაძენად მერიის ბიუჯეტიდან 9 000 ლარია გათვალისწინებული. არჩილ ვანაძის განმარტებით, ეს სტუმრების გამასპინძლებისთვის გათვალისწინებული ხარჯია. თითქმის იმავე განმარტებას აკეთებენ მერიაში წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც, “სტუმრების დახვედრის, გამასპინძლებისა და დაბინავების ხარჯი”, წელს მერის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 80 000 ლარია გათვალისწინებული. ამას ემატება სასაჩუქრე პაკეტების ხარჯიც, რომლისთვისაც მერიამ 2013 წლის ბიუჯეტში 22 000 ლარი გაითვალისწინა.
სტუმრების მიღება-გამასპინძლებისა და მათი საჩუქრებისთვის წელს მერია, ჯამში 111 ათას ლარს დახარჯავს.
შესყიდვების დოკუმენტის მიხედვით, წელს ავტომანქანების შესაძენად 120 ათასი ლარი გაითვალისწინეს, სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების შესაძენად კი მერიამ 500 ათასი ლარი გამოყო. ამ თანხის ხარჯვა, მერიის შესყიდვების დოკუმენტის მიხედვით, წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირებისთვის აპირებს მერია ახალი მანქანების შეძენას.
მერია წელს თანამდებობის პირების მანქანებით გადაადგილებისთვის 329 200 ლარის საწვავის დახარჯვას გეგმავს. ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის განმარტებით ამ თანხიდან მერია როგორც საჯარო მოხელეების ასევე სახანძრო სამსახურის გადაადგილების ხარჯებსაც დაფარავს.
2011-2012 წლებში მერიამ თანამდებობის პირებისთვის ერთი 52 000 ლარად ღირებული “მიცუბიში” და ხუთი “სედანი” შეიძინა, რომლებშიც ჯამში 150 000 ლარი გადაიხადა. 2009 წელს მერიის ბიუჯეტიდან მერისთვის 40 ათას ლარად ღირებული “ტოიოტა კამრი” 2010 წლის ბიუჯეტიდან კი ისევ მერისთვის 35 ათას ლარად ღირებული “ტოიოტა ლენდკრუიზერ 100” შეიძინეს. ამავე წელს მერიამ ავტომანქანები მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისათვის, თითოეული 31 ათას ლარად, 16 ერთეული “ტოიოტა კოროლა” შეისყიდა.
მერიის შესყიდვების დოკუმენტში ჩანს დაზღვევისთვის გათვალისწინებული თანხებიც. ამ შემთხვევაში მერიის ბიუჯეტით მხოლოდ სახანძრო სამსახურის თანამშრომლების ჯანმრთელობა დააზღვიეს. ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და მერიის თანამდებობის პირების დაზღვევა ბათუმის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. “მერიამ მხოლოდ სახანძრო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა გაითვალისწინა, რადგან მათი საქმიანობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული”, – ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე.
რისკებთან დაკავშირებული თანამშრომლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მერიამ 12 000 ლარად დააზღვია. მერიის ავტომანქანების დაზღვევის მიზნით კი გაცილებით მეტი – 16 000 ლარი გამოყო. არჩილ ვანაძის განმარტებით, ის, რომ მერიამ მანქანების დაზღვევისთვის გაცილებით მეტი თანხა გამოყო თავისი ბიუჯეტიდან, ვიდრე მეხანძრეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევისთვის, მერიის ხელმძღვანელებს უხერხულობას არ უქმნის, რადგან ყველაფერი საბაზრო ღირებულების მიხედვით განისაზღვრება. “თქვენ ისიც უნდა გადაამოწმოთ, რამდენი მეხანძრე ჰყავს სახანძროს და რამდენი მანქანა დააზღვია მერიამ ამ ფასად~, – ურჩია მან “ბათუმელებს”.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 15 800 ლარად 24 ავტომანქანის დაზღვევას გეგმავს, ბათუმის სახანძრო სამსახურს კი 117 თანამშრომელი ჰყავს. მეხანძრის სიცოცხლის დასაზღვევად ხუთი ათასი ლარი, უბედური შემთხვევის დასაზღვევად კი სამი ათასი ლარია გათვალისწინებული.
წელს ბიუჯეტის ფული მერიას არ დაენანა, დარჩენილი თანხიდან: ბათუმის გზაგასაყარებზე დროშების შეძენა-მონტაჟისათვის 2013 წლის ბიუჯეტიდან 25 000 ლარამდე დაიხარჯება; ბათუმის შესახებ კატალოგში – “ფაქტები~ ერთი სტატიის გამოქვეყნებისთვის მერიამ 900 ლარი გადაიხადა; 24 900 ლარით დაფინანსდა ზურაბ ხაბაძის კატალოგის გამოცემა; ფოტოპროექტ “ძველი ბათუმისათვის” – 6 000 ლარი გაითვალისწინეს. გარდა ამისა 22 000 ლარი თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ფორუმის ორგანიზებისთვის გამოიყო. თვითმმართველობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის კი ბიუჯეტიდან 5 000 ლარი დაიხარჯება.
ფესტივალების ფასი
მერიამ ჯამში 135 000 ლარი დახარჯა შავიზღვისპირეთის ქალ მხატვართა საერთაშორისო ფესტივალების, საერთაშორისო არტფესტივალის “მარბელასა” და ბაიკერთა ფესტივალის ორგანიზებისათვის – ამ ფესტივალებს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური ტურისტების მოზიდვის მიზნით აწყობს.
ბათუმში კიდევ ოთხი ფესტივალი ჩატარდება, რისთვისაც მთლიანობაში 277 000 ლარი დაიხარჯება, მათ შორისაა “ღამის სერენედები”, რომლის დასაფინანსებლად მერიის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო.
მედიკამენტები
მერიამ ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში თანხა მედიკამენტების შესაძენადაც გაითვალისწინა: ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად წელს მერია 29 446 ლარს, ეპილეფსიით დაავადებულთა მედიკამენტებისთვის – 47, 544 ლარს, დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტების შესაძენად კი – 64, 495 ლარს დახარჯავს. 12 662 ლარი გაითვალისწინეს პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტების შესაძენად.
წელს მერიის ბიუჯეტიდან ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკასაც დააფინანსებენ, 51 000 ლარით. 89 ათასი ლარითაა დაფინანსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-მკურნალობაც, 79 000 ლარი კი სტომატოლოგიური მომსახურებისთვის გაითვალისწინეს.
ინფრასტრუქტურული პროექტები
მერიის 2013 წლის შესყიდვების ძირითადი ნაწილი ისევ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის – ქუჩების, სანიაღვრე არხებისა და სკვერების მოსაწყობად მერიის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯება. ამ პროექტების შესახებ დეტალურად “ბათუმელების” მომდევნო ნომრებში წაიკითხეთ.