ფანჯიკიძემ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში სავაჭრო სფეროში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი. რაც შეეხება დეოკუპაციას, მინისტრის თქმით, მთავრობას არასდროს უთქვამს და არც მოლოდინი ჰქონია, რომ ამ საკითხზე გარღვევას დროის ასეთ მცირე მონაკვეთში შეძლებდა.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს ურთიერთობა ორი ფორმატის მეშვებოთ აქვთ: ჟენევის დისკუსიებით და კარასინ–აბაშიძის შეხვედრებით.
“ჟენევის ფორმატის უკვე 23 რაუნდია გამართული და 24–ე რაუნდი ივნისშია დაგეგმილი. სამწუხაროდ, მას [ჟენევის ფორმატს] არავითარი პროგრესი არ მოუტანია ჯერჯერობით. არც ერთი მიმართულებით არ აღინიშნება პროგრესი”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, მიუხედავად ამისა, ეს არის ყველაზე მნიშნელოვან ფორმატი, რადგან საქართველო ჟენევაში რუსეთთან დასავლეთის წარმომადგენლებთან ერთად ურთიერთობს.
“მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ამ ფორმატში გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდება. დღეს მე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი ამ ფორმატის ერთ–ერთ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორთან და ჩვენი საუბარი ამ საკითხსაც შეეხება. რაც შეეხება მეორე ფორმატს [კარასინი–აბაშიძის შეხვედრები], არასოდეს არ თქმულა, რომ ამ ფორმატის საშუალებით ჩვენ შევძლებდით მთავარი ამოცანის გადაჭრას: ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია. ჩვენ ვართ რეალისტები და ვფიქრობთ, რომ თუკი ჩვენ შევძლებთ საერთო ინტერესების გამოკვეთას [რუსეთთან], და ასეთად გამოიკვეთა სწორედ ეს თემები: ეკონომიკა, კულტურა, ვაჭრობა, შეიძლება ამან მიგვიყვანოს საერთო მდგომარეობის და ურთიერთობების გაუმჯობესებამდე, შემდგეგ კი შეიძლება გავლენა მოახდინოს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებაზეც. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი ამ მეორე ფორმატისაგან, რასაკვირველია, არ გვაქვს, თუმცა მიგვაჩნია, რომ შეცვლილმა რიტორიკამ (აგრესიული რიტორიკა აღარ იქნება) შეიძლება პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებამდე მიგვიყვანოს, რამაც შემდეგ შეიძლება რეალური შედეგი მოიტანოს, თუმცა არასდროს გვითვქმას და არც მოლოდინი გვქონია, რომ 7 თვის, ერთი, ორი და თუნდაც მეტი წლის განმავლობაში მივაღწევდით გარღვევას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ რუსეთთან ეკონომიკის სფეროში მიღწეული გარღვევაც წარმატებაა.
მინისტრი დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისში მდებარე რუსეთის ფედერაციის საელჩოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ. მან საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა კატეგორიულად გამორიცხა.
“რუსეთის საელჩოს შენობა ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. სხვათა შორის, მოსკოვში მდებარე საქართველოს საელჩოსთან დაკავშრებითაც არსებობს გარკვეული სახის პრობლემები, მათ შორის სარემონტო სამუშაოების და ასე შემდეგ. ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება თბილისში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობას, რეგულირდება შევიცარიის საელჩოში ინტერესთა სექციის გავლით.აქედან გამომდინარე, თუკი მოითხოვა რაიმე მოვლენამ საელჩოს რეაბილიტაცია, ეს აბსოლუტურად ნორმლური რამ არის. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გამორიცხულია”, – განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტის, დოქტრინის შესახებაც ისაუბრა. მან არ დაადასტურა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ დოკუმენტიდან რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული საფრთხე ამოღებულია. მინისტრის თქმით, დოკუმენტში გვხვდება მხოლოდ ერთი დანამატი, სადაც ჩანს პრაქტიკული მიდგომა იმის შესახებ, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი უკვე გადაეგზავნა უშიშროების საბჭოს და არსებული ინფორმაციით, ამ უწყებას მის შინაარსთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ შეუქმნია. როგორც ცნობილია, დოქტრინას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
“უსაფრთხოების დოქტრინაში არაფერი შეცვლილა. ამ დოქტრინაში ისევ არის ის საკითხი აღნიშნული, რასაც ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და ამის გამო შექმნილი ვითარება ჰქვია. იქ არის მხოლოდ ერთი დანამატი, რომელიც ეხება პრაგმატულ მდიგომას და [საქართველოს] სურვილს გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სავაჭრო და კულტურული მიმართულებებით. მეტი ცვლილება არ შესულა”, – აღნიშნა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრს შეკითხვა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის გამოძიების შესახებაც დაუსვეს. როგორც ცნობილია, საქართველოს ახალი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ამ საკითხზე მუშაობის დაწყებას აპირებენ. ჟურნალისტი დაინტერესდა, აპირებდა თუ არა ქართული მხარე გამოძიების პროცესში რუსეთთან რაიმე სახის კოორდინაციას და რა როლი ექნებოდა ამ პროცესში საგარეო უწყებას.
“ყოველთვის, როდესაც რაიმე სახის გამოძიება მიმდინარეობს და იგი ეხება სხვა ქვეყნას ან მათგან სამართლებირვ დახმარებას, საგარეო სამინისტროს თხოვნით მიმართავენ ქვეყნის შესაბამისი უწყებები. თუკი ასეთი შეკითხვა იქნა საგამოძიებო ორგანოებიდან, რასაკვირველია, მისი განხილვა მოხდება, თუმცა ამ ეტაპზე მე შემიძლია გითხრათ: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან არ იქნება შესაძლებელი [თანამშრომლობა] რადგანაც რუსეთი არ არის ნეიტრალური მხარე ამ კონფლიქტის, იგი არის სერიოზული მონაწილე [კონფლიქტის], შესაბამისად, მისი ჩართვა გამოძიებაში აბსოლუტურად არალოგიკური იქნება”, – განაცხადა მან.
ფანჯიკიძემ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუკი ოფიციალური მოსკოვი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისასალმებელი იქნება. მინისტრის თქმით, შესაძლოა, ეს საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მომდევნო შეხვედრაზეც დაისვას.
ფანჯიკიძემ კომენტარი რუსეთ–საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის საკითხზეც გააკეთა. როგორც ცნობილია, ასეთი მონიტორინგის დაწესების გადაწყვეტილება თბილისმა და მოსკოვმა 2011 წელს ერთობლივად მიიღეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრინების დროს. შეთანხმების მიხედვით ტვირთბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიულ კომპანიას უნდა ეწარმოებინა, თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
“რაც შეეხება საზღვრის მონიტორინგს, შვეიცარული კომპანია ეს–ჯი–ესი არის ის კომპანია, რომელმაც ეს მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონტრაქტთან დაკავშირებით და ალბათ მაისის ბოლოს მოხდება შვეიცარიაში ამ კონტრაქტის გაფორმება. მონიტორინგი ჯერ არ დაწყებულა”, – განაცხადა მან.