ახალი ამბები

8 პარტია: პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებაზე პლებისციტი ჩატარდეს

16 აგვისტო, 2017 • 1659
8 პარტია: პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებაზე პლებისციტი ჩატარდეს

8 ოპოზიციური პარტია ინიციატივით გამოდის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების პარალელურად პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებაზე პლებისციტი ჩატარდეს.

“უმნიშვნელოვანეს საკითხად მიგვაჩნია პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ თემაზე ქართულ ოცნებას ოპოზიციური პარტიებისგან დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია გააჩნია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოქმედება. შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარება გვესახება საუკეთესო გამოსავლად”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას, რომელიც დღეს, 16 აგვისტოს გაავრცელეს, ხელს აწერენ პარტიები: ახალი საქართველო, ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, საქართველოს დემოკრატიული პარტია.

აღნიშნული განცხადება შეეხება პარტიების პოზიციას უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებზე კონსტიტუციის რეფორმასთან დაკავშირებით.

პარტიებს მიაჩნიათ, რომ ისინი იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან კონსულტაციებში, თუ მმართველი პოლიტიკური პარტია დათანხმდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი