“მივესალმები იმ ფაქტს, რაც თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ არანაირი ცვლილება ჩვენს უსაფრთხოების დოკუმენტში, მით უმეტეს, პრეზიდენტის გვერდის ავლით, იმ სახით, როგორც ეს პრემიერ–მინისტრმა თქვა, არ მომხდარა. იმიტომ, რომ საუბარი იმაზე, რომ რუსეთი საფრთხეა და ეს განისაზღვრება იმით, რას ჩავწერთ ჩვენ რომელიმე დოკუმენტში, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. რუსეთი საფრთხეა არა იმის გამო, ჩვენ ამას დოკუმენტში ჩავწერთ თუ არა, არამედ იმის გამო, რომ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%; იმის გამო, რომ იგი მუდმივად ჩვენი ქვეყნის საზღვრების გარშემო და შიგნით აკეთებს თავის ბაზების გაძლიერებას და მუდმივად ემზადება საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი აგრესიისთვის; იმის გამო, რომ მისი ძირითადი პროგრამა საბჭოთა კავშირის აღდგენაა და მისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დამოუკიდებელი კურსი. ეს არის განმაპირობებელი ფაქტორები და არა ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება. დოკუმენტები ასახავენ იმას, რაც ხდება რეალურად. ამიტომ, თუ ჩვენ შევცვლით დოკუმენტებს, ამით შევქმნით ვირტუალურ ცვლილებას და ვერ შევცვლით რეალობას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან რელურები, გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და ამის მიხედვით ვიმოქმედეთ, ამის მიხედვით შევქმნათ ყველანაირი უსაფრთხოების კონცეფციები. ამ მხრივ, სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით არანაირი ცვლილება არ მომხდარა და ვერც მოხდება”– განაცხადა სააკაშვილმა
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრემიერ– მინისტრთან კონსულტაციების შედეგად სტრატეგიული უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტში ახალი ჩანაწერი გაჩნდა. ალასანია ამბობს, რომ დოკუმენტის საფრთხეების შეფასების ნაწილში ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა.
” ამასთან ერთად დოკუმენტი შეიცავს საფრთხების ანალიზს და შეფასებას. ამ საფრთხეების და ანალიზის შეფასებაში არანაირი ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა. რუსეთის ფედერაცია, მათი სამხედრო ოკუპაცია და შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საფრთხეებზეა მორგებული ჩვენი თავდაცვის დოქტრინაც და სტრატეგიაც. თვისობრივი ცვლილება არ არის. ერთადერთი, რაც პრემიერთან დისკუსიების დაშეთანხმების შემდეგ დაემატა– ახალი რეალობა, ის პრაგმატიზმი, რაც გაჩნდა ჩვენს პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში, რომ იწყება ჰუმანიტარულ–სავაჭრო საკითხებზე დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, აჩენს ძალიან პატარა იმედს იმისა, რომ პერსპექტივაში ნორმალიზება შეიძლება დაიწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად იმუშავა დოკუმენტზე, რომელშიც რუსეთის საფრთხისადმი ტონალობა შერბილებულია:
“როდესაც გამოაქვეყნა ეს თავდაცვის სამინისტრომ, ასეთი ჩანაწერი აღარ არსებობს, ესეთი მკვეთრი ჩანაწერი, თუ ნახეთ თავდაცვის სამინისტროს, მე და ალასანია ვათანხმებდით, ეს იყო რამდენიმე თვის წინ”, – განაცხადა ივანიშვილმა გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში შევიდა ცვლილება, ივანიშვილმა უპასუხა:
“უშიშროების საბჭო არ იკრიბება რატომღაც დღემდე, თავდაცვის სამინისტროს ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ, რომ იქ შერბილებულია ეს, თვითონ ჩვენი საგარეო კომიტეტის მიერ დამტკიცებული განცხადება ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან, იქაც ტონალობა არის ნორმალური და საერთოდ მარტო გამონათქვამებზე და რიტორიკაზე არაა, თუნდაც, ოლიმპიადაზე ჩვენი მხარდაჭერა, თუ გნებავთ ის, რომ ლაფანყურში რაც ხდებოდა და გამოძიება მიდის, მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, რომ სატრანზიტოდ იყო გამოყენებული საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული ბოვიკების თუ სხვა შემოსული ბოევიკებისთვის და ესეც ჩვენ მაქსიმალურად ჩავხურეთ და აღარ განმეორდება”.
პრემიერის გუშინდელ განცხადებას დღეს, 27 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა შეცვალა.
” როცა ჩვენ ვამბობდით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს საგარეო კურსი შეცვალოს, ხელისუფლება ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ეს არის სიცრუე. გუშინ ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ მან შეცვალა უსაფრთხოების დოქტრინა, თუმცა აქვე დაგვპირდა, რომ ამისგან დიდ შედეგებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ. ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ საქართველომ შეცვალა საგარეო კურსი”
აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ:
“პრემიერმა ისაუბრა ცვლილებებზე ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. პრემიერს არაზუსტი ინფორმაცია აქვს. არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება არ მომხდარა. ასეთი დოკუმენტები არ იქმნება ერთი უწყების მიერ. ასეთი დოკუმენტები არის შექმნილი უწყებებს შორის კოორდინაციის შედეგად და ჯერჯერობით ახალი მთავრობის პირობებშიც ამ თვალსაზრისით ცვლილების შესახებ არაფერი ჩვენთვის ცნობილი არ არის. თუ პრემიერი თვლის, რომ რუსეთის ჯარის ყოფნა არ წარმოადგენს საფრთხეს, უნდა წარმოადგინოს, რაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე არ არის. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არსად ცვლილება არ მომხდარა. ყველგან რუსული ოკუპაცია და აგრესია განიხილება მთავარ საფრთხედ. თუ ვინმეს სურს ამის შეცვლა, უნდა წარმოადგინოს არგუმენტები. ეს არის კოორდინირებული პროცესი და ჩემგან დამოუკიდებლად ვერ მოხდებოდა ასეთი ცვლილებები.”