ახალი ამბები

ალასანია: საფრთხეებზეა მორგებული ჩვენი თავდაცვის დოქტრინაც და სტრატეგიაც

27 აპრილი, 2013 • • 1047
ალასანია: საფრთხეებზეა მორგებული ჩვენი თავდაცვის დოქტრინაც და სტრატეგიაც

“აქ არის საუბარი სტრატეგიული უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტზე, რომელზეც წინა ხელისუფლება მუშაობდა. ჩვენ ჩავთვალეთ აუცილებლად, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა გაგვეგრძელებინა იმიტომ, რომ გარკვეულწილად ჩვენ საზოგადოებასაც დემონსტრირება უნდა გაუკეთო, რომ თანმიმდევრულობა, ინსტიტუციონალური მეხსიერება უწყებებში შენარჩუნებულია. ამიტომ ჩვენ მცირე ადაპტაცია გავაკეთეთ. გავაცანით ყველა დაინტერესებულ უწყებას, მათ შორის ეროვნული უშიშროების აპარატს. დასრულებული ვარიანტი უკვე მესამე  კვირაა გადავუგზავნეთ უშიშროების საბჭოს და ველოდებით როდის მოაწერს ხელს. მე რამდენადაც ვიცი, უშიშროების საბჭოდან არანაირი პრობლემა არ არსებობს დოკუმენტთან დაკავშირებით. ის კიდევ ერთხელ გაივლის გარკვეულ უწყებათშორის შეფასებებს და დოკუმენტი ხელმოწერილი იქნება”– განაცხადა ალასანიამ. 

 

მინისტრის თქმითვე, აღნიშნული დოკუმენტი იქნება სახელმძღვანელო შეიარაღებული ძალებისთვის,  თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყნის ძალები უახლოესი 4–5 წლის განმავლობაში:

 

” ამასთან ერთად დოკუმენტი შეიცავს საფრთხების ანალიზს და შეფასებას. ამ საფრთხეების და ანალიზის შეფასებაში არანაირი ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა. რუსეთის ფედერაცია, მათი სამხედრო ოკუპაცია და შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საფრთხეებზეა მორგებული ჩვენი თავდაცვის დოქტრინაც და სტრატეგიაც.  თვისობრივი ცვლილება არ არის.  ერთადერთი, რაც პრემიერთან დისკუსიების დაშეთანხმების  შემდეგ დაემატა– ახალი რეალობა, ის პრაგმატიზმი, რაც გაჩნდა ჩვენს პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში, რომ იწყება ჰუმანიტარულ–სავაჭრო  საკითხებზე დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, აჩენს ძალიან პატარა იმედს იმისა, რომ პერსპექტივაში ნორმალიზება შეიძლება დაიწყოს საქართველოსა და რუსეთს შორი”. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად იმუშავა დოკუმენტზე, რომელშიც რუსეთის საფრთხისადმი ტონალობა შერბილებულია:

 

“როდესაც გამოაქვეყნა ეს თავდაცვის სამინისტრომ, ასეთი ჩანაწერი აღარ არსებობს, ესეთი მკვეთრი ჩანაწერი, თუ ნახეთ თავდაცვის სამინისტროს, მე და ალასანია ვათანხმებდით, ეს იყო რამდენიმე თვის წინ”, – განაცხადა ივანიშვილმა გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში შევიდა ცვლილება, ივანიშვილმა უპასუხა:

 

“უშიშროების საბჭო არ იკრიბება რატომღაც დღემდე, თავდაცვის სამინისტროს ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ, რომ იქ შერბილებულია ეს, თვითონ ჩვენი საგარეო კომიტეტის მიერ დამტკიცებული განცხადება ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან, იქაც ტონალობა არის ნორმალური და საერთოდ მარტო გამონათქვამებზე და რიტორიკაზე არაა, თუნდაც, ოლიმპიადაზე ჩვენი მხარდაჭერა, თუ გნებავთ ის, რომ ლაფანყურში რაც ხდებოდა და გამოძიება მიდის, მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, რომ სატრანზიტოდ იყო გამოყენებული საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული ბოვიკების თუ სხვა შემოსული ბოევიკებისთვის და ესეც ჩვენ მაქსიმალურად ჩავხურეთ და აღარ განმეორდება”.

 

პრემიერის გუშინდელ განცხადებას დღეს, 27 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ბიძინა ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა  შეცვალა. 

 

” როცა ჩვენ ვამბობდით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს  საგარეო კურსი შეცვალოს, ხელისუფლება ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ეს  არის  სიცრუე. გუშინ ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ მან შეცვალა უსაფრთხოების დოქტრინა, თუმცა აქვე დაგვპირდა, რომ ამისგან დიდ შედეგებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ. ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ საქართველომ შეცვალა საგარეო კურსი”

 

აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ:

 

“პრემიერმა ისაუბრა ცვლილებებზე ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. პრემიერს არაზუსტი ინფორმაცია აქვს. არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება არ მომხდარა. ასეთი დოკუმენტები არ იქმნება ერთი უწყების მიერ. ასეთი დოკუმენტები არის შექმნილი უწყებებს შორის კოორდინაციის შედეგად და ჯერჯერობით ახალი მთავრობის პირობებშიც ამ თვალსაზრისით ცვლილების შესახებ არაფერი ჩვენთვის ცნობილი არ არის.  თუ პრემიერი თვლის, რომ რუსეთის ჯარის ყოფნა არ წარმოადგენს საფრთხეს, უნდა წარმოადგინოს, რაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე არ არის. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არსად ცვლილება არ მომხდარა. ყველგან რუსული ოკუპაცია და აგრესია განიხილება მთავარ საფრთხედ. თუ ვინმეს სურს ამის შეცვლა, უნდა წარმოადგინოს არგუმენტები. ეს არის კოორდინირებული პროცესი და ჩემგან დამოუკიდებლად ვერ მოხდებოდა ასეთი ცვლილებები.” 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი