ეკა კიკნაველიძემ, რომელიც აცხადებს, რომ გადასატანი ყუთი დალუქული არ არის, ამ საკითხზე უკვე დაწერა საჩივარი, რასაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების აპროტესტებენ.
კომისიის თავმჯდომარე ეკა ჭიღლაძე აცხადებს, რომ შედეგები ბათილად იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუკი საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდება, ვიდრე იმ ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებსაც ხმა გადასატანი ყუთის საშუალებით უნდა მიეცათ. ასეთი კი 18 ბიულეტენია. კომისიის თავმჯდომარის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ამომრჩეველმა მისცა ხმა გადასატანი ყუთით.
თავმჯდომარე ამბობს, რომ გადასატანი ყუთი არჩევნების დასრულების დროს უნდა დაილუქოს, რასაც არ ეთანხმება დამკვირვებელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ყუთი მას შემდეგ უნდა დალუქულიყო, როცა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ბოლო ამომრჩეველი გადასატანი ყუთით.
აღნიშნულს გამოეხმაურა ცესკოს პრესსპიკერი ეკა აზარაშვილი:
”ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, უბრალოდ ვამოწმებთ და მოგვაინებით გავაკეთებთ განცხადებას”. -განაცხადა აზარაშვილმა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა. საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.
27 აპრილს შუალედური საპარლამენტიო არჩევნები მიმდინარეობს საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში.