ახალი ამბები

ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიამ EPF-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე დაფინანსება მოიპოვა

25 აპრილი, 2013 • 2008
ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიამ EPF-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე დაფინანსება მოიპოვა

დაფინანსება გულისხმობს 10 ტელედისკუსიის მომზადებას. როგორც “მე-9 არხის” განვითარების მენეჯერის რამაზ სამხარაძის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი – “მეცხრე არხის” თოქ-შოუები “მთავარი კითხვა” და “დიდი დრო” სხვა საკითხებთან ერთად 2013 წლის ბოლომდე საზოგადოების ევროინტეგრაციასთან მიმართებაში ინფორმირებულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.”  

 

“მეცხრე არხის” ტელედისკუსიებში აქცენტები გაკეთდება ისეთ თემებზე, როგორიცაა: რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი, რა შენიშვნები აქვს საქართველოს მთავრობასთან სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპონენტებს ან ევროკავშირს? აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სხვა. 

 

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე

“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ გამოცხადებული შიდა ტენდერი ხუთი ქართული ტელეკომპანიისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დაფინანსება “მეცხრე არხის” სატენდერო პროექტმა მოიპოვა, რადგან ტენდერში სხვა ტელევიზიებმა მონაწილეობა არ მიიღეს. 

 

“მეცხრე არხი” პროექტის განხორციელებას ახალი სტუდიებიდან დაიწყებს.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “მე-9 არხის” მაუწყებლობა წინასაარჩევნოდ აღადგინა. მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ არჩვნებში გამარჯვების შემდეგ მის ოჯახს აღარ ექნებოდა აღნიშნულ არხთან რაიმე კავშირი და ტელევიზიას გაასხვისებდა. ეს მან არჩევნების შემდეგაც არაერთხელ გაიმეორა, თუმცა მისი მეუღლე კვლავ რჩება ტელეკომპანია “მე-9 არხის” მფლობელი კომპანია “აქცეპტის” 80%-იანი წილის მეპატრონედ.

 

“ფორბსის” ბოლო, 2013 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 5,3 მილიარდი დოლარით 229–ე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში.

 

 

 

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიამ საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და ამიტომ შესწორდა. ტელეკომპანია “მე-9 არხმა” გაიმარჯვა “ევრაზიის ფონდის თანამშრომლობის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში და შესაბამისი კონტრაქტით, რომლის ღირებულება 16 500 ლარია, 10 ტელედისკუსია უნდა მომზადდეს. ვრცლად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განმარტება ამ საკითხზე იხილეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი