ახალი ამბები

სასამართლოში დღეს თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე დაიკითხება

4 აგვისტო, 2017 • 1893
სასამართლოში დღეს თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე დაიკითხება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დღეს, თავად ბრალდებულის დაკითხვა იგეგმება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 საათზე დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყო:

„აქამდე გამოკვლეული იყო დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები. ერთ-ერთ მტკიცებულებასთან დაკავშირებით პროკურატურას თავის პოციზია ჯერ არ დაუფიქსირებია და ალბათ, ამ პოზიციის გამჟღავნების შემდეგ დაიწყება მამა გიორგის დაკითხვა. ესაა ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, მოხდა ერთ-ერთი მედიცინის მუშაკის გამოკითხვა, თუ რა შემხებლობა გველის შხამიდან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს“ – ამბობს დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

რამიშვილის თქმით, პროცესი დეკანოზის დაკითხვით განახლდება. გიორგი მამალაძე ჩვენებას თხრობით ფორმატში მისცემს, რის შემდეგაც ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებს მათი არსებობის შემთხვევაში:

„მამა გიორგი თავის ჩვენებას თხრობით ფორმატში იტყვის თავიდან ბოლომდე და იქიდან გამომდინარე გამოჩნდება რეალური სურათი, რა კითხვები გაუჩნდება პროკურატურას, რა კითხვები გაგვიჩნდება ჩვენ. ჩვენი მხრიდან არანაირი კითხვა არაა დასასმელი იმიტომ, რომ ზოგადად და კონკრეტულად დეტალურად ვიცით ჩვენების შინაარსი, რაცაა რეალური ფაქტები. ვნახოთ დანარჩენი, რა ფორმატში იქნება კითხვები პროკურატურის მხრიდან. მე არ გამოვრიცხავ ის კითხვები ჰქონდეთ, რომლებიც წინასწარი გამოძიებისას ჰქონდათ და არანაირ შემხებლობაში არაა საქმესთან,“ – ამბობს რამიშვილი.

დეკანოზის ჩვენებაზე მოლოდინებს არ ამყარებს ბრალდების მხარე. როგორც პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, მამალაძის ჩვენება სანდო არაა, რადგან გმაოძიების ეტაპზე ის მუდმივად ცვლიდა მას. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ ბრალდებული ამჯერადაც შეეცდება ჩვენების შეცვლას:

„ამ ეტაპისთვის დაცვის მხარემ დაასრულა თავისი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. მათ ითხოვეს გარკვეული პერიოდი ბრალდებულთან კონსულტაცისთვის. ბრალდებულის ჩვენებისგან დიდი მოლოდინი არ გვაქვს. გამოძიების ეტაპზე ის ორჯერაა დაკითხული, უამრავ კრიტიკულ შეკითხვას მან პასუხი ვერ გასცა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობდა შეეცვალა წინა ეტაპზე მიცემული ჩვენება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ პროცესზეც ის შეცვლის თავის მიერ მიცემულ ჩვენებას,“ – ამბობს პროკურორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი