ახალი ამბები

საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა კანონით გახდეს სავალდებულო

4 აგვისტო, 2017 • 3407
საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა კანონით გახდეს სავალდებულო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც ბავშვებისთვის აცრის ჩატარებას სავალდებულოს გახდის, თუმცა ეს ინიციატივა ჯერ-ჯერობით ჩანასახის ეტაპზეა. ცენტრი ამ დროისთვის იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის მიდგომას და კანონმდებლობას, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს.

ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო 12 დაავადების წინააღმდეგ აცრას უზრუნველყოფს. იმნაძის თქმითვე, საქართველოში ბავშვების 90% აცრილია. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ დაინახა ცენტრმა ამ ინიციატივის აუცილებლობა, როცა მშობლები თავისი ინიციატივითაც ცრიან შვილებს, პაატა იმნაძემ გვიპასუხა, რომ ეს ინიციატივა საჭიროა, რათა დარჩენილი 10%-იც არ დარჩეს აუცრელი. მისივე თქმით, ეს ინიციატივა ასევე არ უკავშირდება, ბავშვებში კონკრეტული დაავადების მაღალ სიხშირეს.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ამ ვალდებულების შესრულება, პაატა იმნაძე გვეუბნება, რომ ახლა ცენტრი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობას სწავლობს და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას რომელი პრაქტიკა იქნება ოპტიმალური საქართველოსთვის:

“სხვადასხვა მექანიზმია სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა მიმდინარეობს დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლა. აშშ-ში სასწავლებელში არ მიიღებენ ბავშვს, საფრანგეთში 2500 ევროა ჯარიმის სახით და სხვა”,- ამბობს იმნაძე.

ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. საქართველოში სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის , როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ტარდება 8  ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B ( ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB (დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV (პოლიომიელიტი), MMR ( წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:

BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;

Hep B (მონო)  – დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;

DPT-HIb-HepB  – 2.3.4 თვის ასაკში;

OPV  – 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;

ROTA  – 2, 3 თვის ასაკში;

MMR –  12 თვის და 5 წლის ასაკში;

DT – 5 წლის ასაკში;

Td –  14 წლის ასაკში  და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.

ვრცლად ვაქცინაციის თაობაზე წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი