ახალი ამბები

დავითაშვილი: ივანიშვილმა მითხრა, რომ შეიკრიბება პოლიტსაბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას

22 აპრილი, 2013 • • 988
დავითაშვილი: ივანიშვილმა მითხრა, რომ შეიკრიბება პოლიტსაბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას

პრემიერის ამ განცხადების მიუხედავად, კობა დავითაშვილი კოალიცია “ქართული ოცნებისა” და უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. პარლამენტარმა “მეცხრე არხის” ეთერში არ ისურვა იმ საუბრის დეტალურ შინაარსზე მსჯელობა, რომელიც მასსა და ივანიშვილს შორის გაიმართა, თუმცა უპასუხა პრემიერის საჯარო განცხადებას მასთან სატელეფონო ჩხუბის შესახებ.

 

“მე არანაირი გუნდურობის დარღვევა არ დამიშვია, მე ვერ მივიღებ ამ საყვედურს, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინას, მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი გამოჩენა რომ არა პოლიტიკურ ასპარეზზე, გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ვერ შეძლებდა იმ ძირითადი ამოცანის შესრულებას, რასაც სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება ჰქვია. ამის მიუხედავად, ფაქტი ჯიუტია: მე ორჯერ მივმართე პრემიერ–მინისტრს თხოვნით, რომ გვესაუბრა. მან, სამწუხაროდ, ვერ გამონახა დრო. შემდეგ, როგორც კი გავიგე ჯანდაცვის კომიტეტის ზურგს უკან მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე(ბატონმა სერგეენკომ მტკიცებულებები ითხოვა და მტკიცებულებებით მოვედი), მაშინვე მივმართე

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

იმ ფრაქციას, რომლის წევრიც გახლავართ. მოგეხსენებათ, კოალიციციის წევრი არა ვარ, „ხალხის პარტია“ არ არის კოალიციის წევრი, მე ვარ რიგითი დეპუტატი და ვარ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.  მე საქმის კურსში ჩავაყენე კოლეგები და მოვითხოვე ფრაქციაზე ჯანდაცვის მინისტრის დაბარება და განმარტების მოთხოვნა. ამის შემდეგ, როდესაც ფრაქციაზე დავაყენე ეს საკითხი, შედგა უმრავლესობის და მთავრობის გაფართოებული სხდომა, სადაც ის, რაზეც ვისაუბრე “ქრონიკასთან” ინტერვიუში, სრულად მოვახსენე როგორც მთავრობას, ისე უმრავლესობას. ამას ესწრებოდა მთავრობა სრული შემადგენლობით: იქ იყო პრემიერ–მინისტრი, იქ იყო ჯანდაცვის მინისტრი და მას ხმა არ ამოუღია ჩემს ბრალდებებზე, რომელიც იქ პირში მოვახსენე. მისი მხრიდან იყო დუმილი და მცდელობაც არ ყოფილა სიტყვის მოთხოვნისა”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

მან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაადანაშაულა სადაზღვევო კომპანიებთან ფარულ გარიგებაში და დაუწუნა ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულება სოციალურად დაუცველების დაზღვევაზე 1 წლიით გააგრძელა. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები იხეირებენ. პრემიერ–მინისტრმა კი პარლამენტარი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას ამის გამო ტელეფონით ეჩხუბა.

 

დავითაშვილი ამბობს, რომ ამ ბრალდებას არ იღებს, რადგან ის ამბის გარკვევას მთავრობისა და უმრავლესობის შეხვედრაზე შეეცადა.

 

“აქედან გამომდინარე, მე ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ მე ჯერ შიგნით არ ვეცადე საკითხის გარკვევას და პირდაპირ გარეთ გამოვიტანე ეს იმიტომ, რომ მე ვარ პარლამენტის წევრი. უმრავლესობის შეკრებაზე მე დავსვი კითხვა, რას ნიშნავს გუნდურობა – პარლამენტის წევრებმა შეუთანხმონ პოზიციები მთავრობას, თუ გულისხმობს იმასაც, რომ მთავრობის უნიშვენლოვანესი დადგენილებები, რომელიც ეხება ჯანდაცვის რეფორმას, საკითხს, რომელზეც მე ვმუშაობდი და მე ვარ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და  საპარლამენტო კონტროლის არა მარტო უფლება მაქვს, არამედ მოვალეობა”, – განაცხადა “მეცხრე არხის” ეთერში კობა დავითაშვილმა.

 

მან ასევე თქვა, რომ უმრავლესობისა და მთავრობის შეთანხმების მიხედვით, მთავრობის დადგენილების პროექტები მანამ იქნებოდა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისთვის ცნობილი, სანამ მას მიიღებდა მთავრობა.

 

კობა დავითაშვილის თქმით, მას ძალიან უმძიმს ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც ერთ რამეზე გითანხმდება და შემდეგ საპირისპიროს აკეთებს.

 

“მე ვითხოვ მთავრობისგან თანმიმდევრულ პოლიტიკას. თუ განათლების მინსიტრმა მიიღო გადაწყვეტილება და მოსწავლეებისთვის გახდა წიგნები უფასო და ამით მხოლოდ გამომცემლობები დაზარალდნენ, რატომ მიიღება დიამეტრალურად განსხვავებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროში? მე არც ერთი ეტაპი შიდა ურთიერთობისა არ დამირღვევია და როცა ვერ მივიღე შედეგი, საზოგადოებას ვაცნობე ეს. მე მაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე”, – ამბობს დავითაშვილი. ის მინისტრისგან ელოდება არგუმენტირებული პასუხების მოსმენას ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ არსებობს.

    

მასალების გადაბეჭდვის წესი