ახალი ამბები

ცაგარეიშვილი: მე მესმის, რატომ ნერვიულობს კობა დავითაშვილი

22 აპრილი, 2013 • • 1036
ცაგარეიშვილი: მე მესმის, რატომ ნერვიულობს კობა დავითაშვილი

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიროგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქმე კომუნიკაციის პრობლემასთან გვაქვს:

 

“მე ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა არის. რატომ შეიქმნა ეს პრობლემა, მე ნამდვილად არ ვიცი. ჩემს თავზე შემიძლიათ გითხრათ, რომ არავითარი პრობლემა არ გამაჩნია იმასთან დაკავშირებით, როდის დავუკავშირდე, რა ფორმით, რანაირად გარემოს დაცვის მინისტრს. მაგალითს თუ ჩემგან აიღებენ ჩემი კოლეგები, კარგი იქნება. ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით, ნამდვილად. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2 კვირის წინ ბატონი სერგეენკო იყო მობრძანებული პარლამენტში, დაახლოებით 10 დღის უკან მინისტრთა კაბინეტთან ერთად ჩვენ გვქონდა 3–საათიანი შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში, დაახლოებით 1 თვის უკან ჩვენ ასევე გვქონდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობას “ქართული ოცნებისა”, რატომ გაუჩნდა ჩემს კოლეგას ამგვარი შეფასებების გაკეთების სურვილი, ეს სჯობს მას ჰკითხოთ, მე ნამდვილად მის ნაცვლად განცხადებებს ვერ გავაკეთებ”.

 

როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, მას ესმის კობა დავითაშვილის:

 

“ზოგადად, როგორ ვითარდება დაზღვევაში საქმე და დაზღვევის მიმართულებით რა ნაბიჯები იდგმება, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სფეროა და მე მესმის, რატომ ნერვიულობს ბატონი კობა ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ  დაპირებები იყო საკმაოდ დიდი გაცემული არჩევნებამდე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით საქმე ასე ტრაგიკულად არ არის და ეს განმარტებები მე დღესაც მივიღე კომიტეტის თავმჯდომარისგან, ბატონი ხუნდაძისგან. რატომ ვერ მიიღო ბატონმა დავითაშვილმა თავისი კომიტეტის თავმჯდომარისგან ეს განმარტებები, ეს სჯობს მას ჰკითხოთ.”

 

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამტკიცებს, რომ დავითაშვილმა ბრალდებები უარყო:

 

“კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები მას არ წაუყენებია, თუმცა რადგან კობა დავითაშვილს კითხვები აქვს ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობის ფრაქციის სხდომა მოვიწვიოთ, რომელსაც მინისტრიც დაესწრება. ვიმედოვნებ,  დეპუტატებისათვის პასუხგაუცემელი კითხვებისათვის მინისტრი პასუხის გაცემას შეძლებს. “

 

კობა დავითაშვილმა დღეს პრესის საშუალებით დაუსვა მინისტრს შეკითხვები და მისგან საჯარო განმარტებები მოითხოვა. დავითაშვილმა განაცხადა:”დავით სერგეენკოს საქმიანობაში აშკარად ჩანს ლობირება კერძო სადაზღვევო კომპანიების. ეს არის დაუფარავი, ეს ჩანს მის ყველა ნაბიჯში, დაწყებული იმით, თუ როგორი სქემა შემოგვთავაზა პირველადი ექიმებით და დასრულებული იმ ფაქტით, თუ როგორ გაუგრძელა ამ უთოფო ყაჩაღებს ერთი წლით ხალხის ძარცვისა და ბიუჯეტის ძარცვის ხელშეკრულება… ძალიან კარგი იქნება, თუ პრესით გაეცნობა ბატონი სერგეენკო ჩემს შეკითხვებს. მისგან მოვითხოვ დამაჯერებელ პასუხებს ამ საკითხებზე”.

 

დავითაშვილის განცხადებას თავად ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი მას მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს:

 

“ბატონი კობა ბრალს მდებს ძალიან მძიმე დანაშაულში, კორუფციაში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის მიერ. მან ან უნდა დაადასტუროს, დოკუმენტები წარმოადგინოს, ან მოიხადოს საჯაროდ ბოდიში”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი