შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრო.
“ქართული ოცნების მიმართ ნდობა 60%-ს აღემატება, 6-ჯერ მეტია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი, თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” გამოკვეთილად უსწრებს ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფს, მისი შანსები იყოს ოპოზიციური ლიდერი, საკმაო არის და ეს დამოკიდებულია იმაზეც, რომ ერთადერთი ფიგურა “ნაციონალური მოძრაობიდან”, რომელსაც აქვს ნორმალური რეიტინგი, არის დავით ბაქრაძე, ყველა დანარჩენის მდგომარეობა არის მძიმე და იმის მიუხედავად, რომ ამდენი ხანი საჯაროდ არ გამოჩენილა გიგა ბოკერია, მის მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულებაა შენარჩუნებული და ის არის ჩამკეტი ამ სიისა”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გიროგი ცაგარეიშვილის თქმით, მოსახლეობა იმედის თვალით უყურებს “ქართული ოცნების” რეფორმებს:
“წინა კვლევებიდან მოყოლებული ამ კვლევამდე დრამატულად პროცესები არ შეცვლილა, ერთადერთი, რაც დრამატულად შეიცვალა, ესაა ბატონი სააკაშვილის რეიტინგი და სადღა უნდა დაეცეს მეტი. ეტყობა, მის გამოსვლას ვუსმენდი და სწორედ იმ ორმოში მიდის მისი რეიტინგი, საითკენაც გაეშურა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ზღვაზე ისვენებდა, ეს, რა თქმა უნდა, ლირიული გადახვევა ამ თემაზე. ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი იმედის თვალით უყურებს იმ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”.
მისივე თქმით, არავის უხარია, რომ ერთი პოლიტიკური ძალა მძლავრადაა წარმოდგენილი:
“ვფიქრობ, რომ თვალშისაცემია სხვაობა და რაც უფრო დრო გადის, სხვაობა უფრო თვალშისაცემი ხდება. ეს ერთი მხრივ, ზოგადად, ყველას პრობლემაა, იმიტომ, რომ არავის უხარია, როდესაც ერთი პოლიტიკური ცენტრი მძლავრობს, როგორც ეს იყო წინა წლებში – სხვა პოლიტიკური ცენტრების განადგურების, გაჩანაგების ხარჯზე, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მათ შორის იმ გაჩანაგებული პოლიტიკური ცენტრების თუ პარტიების, თუ პოლიტიკური პარტიების პრობლემაცაა უპირველეს ყოვლისა. ბუნებრივია, ჩვენს მოწინააღმდეგეებს რეიტინგი არ გაეზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არც არაფერი შეუთავაზებიათ მოსახლეობისთვის, გარდა იმისა, რომ დადიან კარდაკარ მთელ ევროპაში, ჰგონიათ, რომ ჩვენ გვაკრიტიკებენ, არადა, ქვეყანას ასხამენ თავზე ლაფს”.
ლუის ნავარო აცხადებს, რომ პოლიტიკოსების საქმეა, როგორ გამოიყენებენ ამ მონაცემებს:
“როგორ განმარტებებს გააკეთებენ პოლიტიკოსები და როგორ გზას აირჩევენ ისინი ჩვენი შედეგების ინტერპრეტაციისთვის, ეს მათი საქმეა. ჩვენი მოვალეობაა წარვუდგინოთ და გავაცნოთ მათ მოსახლეობის განწყობა. ყოველთვის გვაქვს ჩვენი კვლევის შედეგების პრეზენტაცია პოლიტიკურ პარტიებთან, ყოველთვის გვქონდა ადრე და ასეც გავაგრძელეთ. “
მისივე თქმით, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ძლიერი ოპოზიცია საჭიროა:
“გამოვყოფდი ერთ საკითხს. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობა მნიშნელოვანია და ასეთ ოპოზიციად ისინი ასახელებენ “ნაციონალურ მოძრაობას. “
შეგახსენებთ, რომდღეს 22 აპრილს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
