ახალი ამბები

ყოფილი პოლიტპატიმრების ყრილობა 19 მაისამდე გადაიდო

22 აპრილი, 2013 • • 1158
ყოფილი პოლიტპატიმრების ყრილობა 19 მაისამდე გადაიდო

როგორც კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, 19 მაისის ყრილობის შესახებ მისი ორგანიზატორები განცხადებას ხვალ, 23 აპრილს, დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ. კაკაბაძე ვარაუდობს, რომ ზემოხსენებული ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართება.


როგორც ცნობილია, აღნიშნული აქცია 14 აპრილისთვის დაიგეგმა, თუმცა ჯერ 21 აპრილამდე, ხოლო შემდეგ 19 მაისამდე გადაიდო. კაკაბაძე ამბობს, რომ ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ყრილობა 14 აპრილს ხელისუფლების თხოვნის გამო არ ჩაატარეს.


“14 აპრილს იყო თხოვნა ხელისუფლების მხრიდან, რომ რაიმე პროვოკაცია შეიძლება დაიგეგმოსო 19 აპრილისთვის და ნუ გამოიყენებენო თქვენს აქციასო. იყო ნათქვამი, რომ შეიძლებოდა 14 აპრილს ჩვენს ყრილობას შემოერთებოდა ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც 19 აპრილის აქციაზეც მივიდოდა და იქ უკვე რაღაც დებოშს მოაწყობდა. შემდეგ ისინი [ნაციონალები] იტყოდნენ, რომ აი, კრიმინალები მოგვისიეს და ასე შემდეგ”, – განაცხადა კაკაბაძემ.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ჩატარდა ყრილობა გუშინ, 21 აპრილს, იგი ამბობს, რომ ღონისძიების ჩატარება 21 აპრილისთვის არ იგეგმებოდა.


“21 აპრლს ჩვენ უბრალოდ მის დაანონსებას ვგეგმავდით…”, – აცხადებს იგი.


ცნობისთვის: აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს ორი მოთხოვნა აქვთ: “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის გასამართლება” და ამ პარტიისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა.

 

კაკაბაძის ინფორმაციით, ღონისძიებას, გარდა ყოფილი პატიმრებისა, წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებული სხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც უერთდებიან, მათ შორის “ცენტრ პოინტისაგან” დაზარალებული ადამიანები და ის ხალხი, ვინც ყოფილი ხელისუფლების ექს–მაღალჩინოსნებს გარკვეული ტიპის ქონების წართმევაში ადანაშაულებს.

 

შეკრების პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ერთობლივი განცხადების შემუშავება პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე, რომელსაც ღონისძიების მონაწილეები ხელს მოაწერენ. შეკრებაზე არასამთავრობო სექტორის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებიც არიან მიწვეული.

 

საქართველოს პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო დადგენილება, რომლითაც 190 ადამიანს პოლიტპატიმრის, ხოლო 25-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი