ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ფირცხალავამ დაასახელა საქმეები, რომელშიც მამალაძე “აგენტი პროვოკატორი იყო”

1 აგვისტო, 2017 • 2100
ადვოკატის თქმით, ფირცხალავამ დაასახელა საქმეები, რომელშიც მამალაძე “აგენტი პროვოკატორი იყო”

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმემ – პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პოლიციელმა ირაკლი ფირცხალავამ ის სისხლის სამართლის საქმეები დაასახელა, რომლებშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა.

ირაკლი მამალაძე ბრალდების მხარის მთავარი მოწმეა ე.წ. ციანიდის საქმეში დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ.

“ირაკლი ფირცხალავამ კონკრეტული საქმეები დაასახელა, მაგალითად, თემურ თათარაშვილის საქმე, რომელშიც ირაკლი მამალაძე იყო როგორც აგენტი პროვოკატორი და მისი მეშვეობით მოხდა მისი დავაკება.

ასევე, მან გაიხსენა ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმე, რომლის დაკავებაც უშუალოდ მამალაძის ჩართულობით მოხდა. ფირცხალავამ თანხებიც კი გააჟღერა, ამის სანაცვლოდ რა ფული მიიღო ირაკლი მამალაძემ. მან დაასახელა ის სახელი და გვარები, ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული პირების, რომლებიც სამართლებრივად მონაწილეობდნენ ამ პირების დაკავებაში”, – განაცხადა ადვოკატმა.

განსხვავებულ ვერსიას ჰყვება ირაკლი ფირცხალავას დაკითხვის შესახებ პროკურორი. ზვიად გუბელაძის თქმით, ფირცხალავას განცხადებები არადამაჯერებელია. ვრცლად პროკურატურის განცხადება ამის თაობაზე იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძის საქმის განხილვა სასამართლოში დახურულია და სასამართლო პროცესის შესახებ საზოგადოებას ცნობებს იღებს ადვოკატების და პროკურორების მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი