ახალი ამბები

ციხისძირის ინციდენტში ბრალდებულები სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

20 აპრილი, 2013 • 1318
ციხისძირის ინციდენტში ბრალდებულები სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

 

აჭარის პროკურატურის უფროსი პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე სამივე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

1975 წელს დაბადებულ პაატა გვილავას, რომელიც საქართველოს პარლამენტში შუახევის მუნიციპალიტეტიდან  ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატის, ომარ მეგრელიძის სიძეა, ორი მუხლი აქვს ბრალად წარდგენილი. ხულიგნობა ჯგუფურად, იარაღის გამოყენებით და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. პირველი მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითავლისწინებს, ხოლო მეორე – 5-დან 8-წლამდე პატიმრობას.

 

1982 წელს დაბადებულ მალხაზ მამფორიას შედარებით მსუბუქი ბრალდება აქვს წარდგენილი. მას ბრალად ედება ხულიგნობა, რაც 2-4 წლამდე პატიმრობას ითავლისწინებს და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება –  5-დან 8-წლამდე პატიმრობა.

 

ყველაზე მძიმე ბრალდება წარდგენილი აქვს მიმალვაში მყოფ ონისე ხუბულავას. ბრალდებულების ადვოკატის, სოსო ჯალაღონიას თქმით, ონისე ხუბულავამ ვერ გაუძლომ ციხისძირის ინციდენტთან დაკავშირებით მედიის გამოხმაურებას და იმიტომ დაემალა გამოძიებას.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ წარუდგინა პროკურატურამ ბრალდებულებს  რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მუხლი, პროკურორმა  ვლადიმერ თურმანიძემ შემდეგი განმარტება გააკეთა: „ამ შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს ისეთ მოქმედებას, რომელიც მიმართული იქნება უშუალოდ აღმსარებლობის ხელშეშლასთან, როგორც არის რიტუალების ჩატარება, სამლოცველოების დაკეტვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება თანასწორუფლებიანობას – დარღვევა იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი მოხდებოდა ორგანიზებული კუთხით ადამიანის დევნა ან ისეთ პირობებში ჩაყენება, რომელიც შეუზღუდავდა რაიმე მოქმედების შესრულებას, თუნდაც სამუშაოს მიღებაზე უარს, დაწინაურებას, ან საჯარო მომსახურების სარგებლობით შეზღუდვას იმის გამო, რომ ის მიეკუთვნება სხვა აღმსარებლობას“.

 

ციხისძირში მომხდარ ინიციდენტს ქართული მედია ინციდენტის დღიდან აშუქებს ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით. ციხისძირელები ამბობდნენ, რომ 14 აპრილს სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები მათ თხოვდნენ ეჩვენებინათ, ჯვარი თუ ჰქონდათ, ეკითხებოდნენ, იყვნენ „ქრისტიანები“ თუ „თათრები“, „თურქები“. სამხედროებმა რამდენიმე მოქალაქეს იარაღის კონდახიც ჩაარტყეს და გაისროლეს კიდეც.  


მასალების გადაბეჭდვის წესი