ახალი ამბებიხელოვნება

ბერლინში ახალგაზრდა ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა მოეწყობა

27 ივლისი, 2017 • 7777
ბერლინში ახალგაზრდა ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა მოეწყობა

ქართველი მხატვარი მარიამ დევდარიანი 5 აგვისტოს პერსონალურ გამოფენას გერმანიაში გახსნის. მისი ფერწერული ნამუშევრები ბერლინში, გალერეაში “Makowski” 25 აგვისტომდე დარჩება.

მარიამ დევდარიანი საგამოფენო სივრცეში 15-მდე სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს. გამოფენის ორგანიზატორია რუსუდან მაკოვსკი, რომელიც როგორც მარიამი ამბობს, თავად დაინტერესდა მისი ნახატებით და შესთავაზა მას გამოფენის გაკეთება.

“გამოფენაზე წარვადგენ ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილ, შედარებით აბსტრაქტულ ნამუშევრებს. ნახატებს საერთო თემა არ აერთიანებთ. ესენია ის უახლესი ნამუშევრები, რომლებზეც ამ გამოფენისათვის ვიმუშავე. გამოყენებულია შერეული ტექნიკა – სხვადასხვა მასალა, საღებავი,” – ამბობს მარიამი.

მხატვარი მარიამ დევდარიანი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

მხატვარი მარიამ დევდარიანი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

ახალგაზრდა მხატვარმა 2012 წელს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის დიზაინის და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში 2014 წელს მოაწყო. ამას გარდა, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ.

მარიამ დევდარიანს ფეისბუკში თავისი გვერდი აქვს, რომლის დახმარებითაც თავის ნამუშევრებს აქვეყნებს და ყიდის. როგორც ამბობს, ხშირად უკავშირდებიან გამოფენების მოწყობის შეთავაზებით, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. ახლა კი პირველად მისი პერსონალური გამოფენა საზღვარგარეთ მოეწყობა.

გალერეა “მაკოვსკი” 2014 წელს დაარსდა. ის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ქართველი ხელოვანების მიმართ და მის ერთ-ერთ მიზანს სწორედ მათი ნამუშევრების პოპულარიზცია წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი