ახალი ამბები

კანდელაკი: ხელისუფლებამ მის გუნდში არსებულ ელიტურ კორუფციას მიხედოს

17 აპრილი, 2013 •
კანდელაკი: ხელისუფლებამ მის გუნდში არსებულ ელიტურ კორუფციას მიხედოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას ცდილობს:

“ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ განვითარებაში მყარი, დადებითი დინამიკა შენიშნა და მას პანიკურად ეშინია 19 აპრილის აქციის. დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება უმრავლესობის დეპუტატ ირინე იმერლიშვილის მიერ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სადაც პრეიზდენტის, მისი ოჯახისა და მეგობრების მხრიდან სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი. ხელისუფლებამ მის გუნდში არსებულ ელიტური კორუფციის ფაქტებს უნდა მიხედოს.”

 

კანდელაკი ელიტური კორუფციის ფაქტად ირინე იმერლიშვილის მეუღლის მოგებულ ტენდერს ასახელებს:

 

“უმრავლესობის დეპუტატის ირინე იმერლიშვილის მეუღლემ შალვა ედოშვილმა, რომელიც 5 პარილს შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ დირექტორი გახდა, 11 პარილს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერი სამინისტროს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ეხება. აქ მხოლოდ ერთ ლოტზე, თბილისზე არის საუბარი და მისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე კომპანია ცდილობს კახეთის ლოტზე გამარჯვებული ფირმა ჩამოაშოროს კონტრაქტს. ეს არის ელიტური კორუფციის სერიოზული ნიშნების შემცვლელი ფაქტი და ამ ფაქტს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ“.

 

უმრავლესობის წევრი ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ კანდელაკი სასაცილოა:

 

“ძალიან სასაცილო ხალხია, მართლა გულწრფელად ვამბობ. მე ბრიფინგზეც ვთქვი, რომ წამოვიდოდა საპირისპირო ბრალდებები, მაგრამ ეს არ არის საპირწონე იმ დოკუმენტებისა, რომლებიც მე წარმოვადგინე. პასუხი გასცენ იმას, თუ რატომ იხარჯებოდა მილიონები ამ ფონდიდან. “

 

რაც შეეხება ტენდერს, იმერლიშვილის ამტკიცებს, რომ ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის:

 

“ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ტენდერში ნამდვილად იღებდა მონაწილეობას, ჯერ ეს ტენდერი დასრულებული არ არის. კარგია, თუ კანდელაკმა იცის მისი შედეგები, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. ჩემი მეუღლე გახლავთ მენეჯერი ერთ-ერთ ფირმაში, ის საკმაოდ კარგი მენეჯერია და არა მფლობელი. სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ ისე, რომ მფლობელები ვიყოთ რომელიმე ფირმის. “

 

იმერლიშვილი უმცირესობას მისი ქმრის სამუშაო გამოცდილებას ახსენებს:

 

“მინდა გავახსენო მათ, რომ ჩემი მეუღლე იყო შემოსავლების სამსახურში აქციზური სამსახურის ხელმძღვანელი, როდესაც მიხეილ მაჭავარიანი გახდა მინისტრი შემოსავლების, მაშინ წაიყვანა ამ სამსახურში იმიტომ, რომ ასაწყობი იყო ეს სამსახური. ასევე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე მას თხოვა და მისი დაჟინებული მოთხოვნით წავიდა ის თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად და საკმაოდ კარგად მუშაობდა მაშინ კეთილმოწყობის სამსახური.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გრიფით საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვეს. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გრიფით საიდუმლო ხარჯთაღიცხვაზე, რომელსაც, იმერლიშვილის თქმით, გრიფი პროკურატურამ მოხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი