ახალი ამბები

სუპერმარკეტში მოლარის 48-საათიანი სამუშაო რეჟიმი სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია

26 ივლისი, 2017 • 11254
სუპერმარკეტში მოლარის 48-საათიანი სამუშაო რეჟიმი სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუპერმარკეტში 48-საათიანი სამუშაო კვირა დასაშვებად მიიჩნია. ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, საქმე ეხება შუშანიკ ჩუბინიძის სასამართლო დავას სუპერმარკეტების ქსელ ფუდმარტთან.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, ჩუბინიძე მოითხოვდა, რომ შრომით ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 48-საათიანი სამუშაო კვირის პუნქტი ბათილად ეცნოთ, აუნაზღაურებელი თანხა და ამ თანხის 0.07% მიეღო.

შრომითი კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს სპეციალურ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს 48-საათიანი სამუშაო კვირა.

ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სავაჭრო სფერო ასეთ დაწესებულებებს მიეკუთვნება და, შესაბამისად, შეიძლება მასზე გავრცელდეს 48-საათიანი სამუშაო კვირა, თუმცა, არა ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებზე.

შუშანიკ ჩუბინიძე მუშაობდა მოლარე-კონსულტანტად და ამიტომ ამ პოზიციაზე 48-საათიანი სამუშაო რეჟიმი კანონს ეწინააღმდეგებოდა, რადგან 8 საათში მოლარე-ოპერატორის ჩანაცვლება დამსაქმებლისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, ამბობს ქურდოვანიძე.

“ვაჭრობის სფერო სპეციფიკურ საწარმოთა ჩამონათვალში შედის და შესაძლოა გავრცელდეს 48-საათიანი რეჟიმი, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად, დასაქმებული რა ფუნქციას ასრულებს. თუ ის ასრულებს ისეთ ფუნქციას, რომელიც არ მოითხოვს 8-საათიანზე მეტ უწყვეტ რეჟმს, ასეთ დროს 48-საათიანი შრომის წესის გავრცელება არის კანონის დარღვევა”, – გვითხრა იურისტმა.

ქორდოვანიძე ამბობს, რომ ჩუბინიძეს რეალურად 48 საათზე მეტი უწევდა მუშაობა, მაგრამ რადგანაც არ არის აღრიცხული მისი ნამუშევარი საათები, დავობდნენ იმაზე, რაც ხელშეკრულებაში ცალსახად ეწერა.

ზეგანაკვეთური შრომის, დაბალი ხელფასისა და ხელფასიდან დანაკლისის დაქვითვის გამო, ჩუბინიძემ სამ თვეში დატოვა სამსახური, მიმართა სასამართლოს 2015 წელს, რის შემდეგაც, 2017 წლის 26 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ.

ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ამგვარ პრაქტიკას სუპერმარკეტები სხვა თანამშრომლების მიმართაც იყენებდა და ალბათ ახლაც იყენებს, თუმცა ეს პრაქტიკა მოსამართლემ არაკანონიერად არ ცნო, რის გამოც  დასაბუთებული ნაწილის ჩაბარებისა და გაცნობის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი