ახალი ამბები

“ადვოკატების მოუმზადებლობა აზარალებდა ბრალდებულის ინტერესს” – საიას კვლევა

26 ივლისი, 2017 • 3419
“ადვოკატების მოუმზადებლობა აზარალებდა ბრალდებულის ინტერესს” – საიას კვლევა

საიას ანგარიშში, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს ეხება, მოსამართლეებისა და პროკურორების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების გარდა, საუბარია იმის შესახებაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ადვოკატების მოუმზადებლობა დაცვის ნაცვლად აზარალებდა ბრალდებულის მდგომარეობას.

საიას განცხადებით, მათ ეს ანგარიში 5 სასამართლოში – თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად მოამზადეს. დოკუმენტი  2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით არსებულ პერიოდს მოიცავს, რა დროშიც  1190-მდე სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რიგ შემთხვევებში ადვოკატების მოუმზადებლობა და პასიურობა აზარალებდა ბრალდებულთა ინტერესებს და იყო შემთხვევები, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ადვოკატებს ბრალდებულთა ჭეშმარიტი ინტერესები დაეცვათ, ბრალდების მხარეს ფორმალურად ეწინააღმდეგებოდნენ, პროცესზე მოუმზადებლები მიდიოდნენ ან დადებითად აფასებდნენ პროკურორის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს.

საიას განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსთვის დასაბუთებულად მოეთხოვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ვიდრე პროკურატურა ითხოვდა, თუმცა ამას არ აკეთებდა, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ დაცვის მხარე არ იჩენდა ძალისხმევას ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

დაცვის მხარის მოუმზადებლობასა და არაეფექტურობასთან დაკავშორებით ანგარიშში წერია, რომ ადვოკატი ერთ-ერთ სხდომაზე საქმის მასალებსაც კი არ იცნობდა, რამაც, საბოლოო ჯამში, ბრალდებული დააზარალა და მას პატიმრობა შეუფარდეს:

“პირველი წარდგენის ერთ-ერთ სხდომაზე ადვოკატმა ვერ შეძლო პოზიციის ჩამოყალიბება. გაუმართავი წინადადებებით საუბრობდა და ამის მიზეზად ქალაქში არყოფნა დაასახელა. მან სხდომაზე არაერთხელ თქვა, რომ კარგად არ იცნობს საქმის მასალებს და დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეუძლია საქმესთან დაკავშირებით.

ადვოკატის ასეთი მოუმზადებლობის ფონზე, დაცვის მხარე საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა ბრალდებასთან შედარებით,
რამაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას,”– ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარშში აღწერილი სხვა მაგალითის თანახმად, ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ვერ შეძლო საკუთარი შუამდგომლობის დასაბუთება:

“პირველი წარდგენის სხდომაზე ადვოკატი მოუმზადებელი გამოცხადდა პროცესზე. მან სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში იყო ისეთი ინფორმაცია, რომლის გამხელაც არ სურდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს. თუმცა ადვოკატს ეს შუამდგომლობა სათანადო წერილობითი ფორმით არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. მას არც კანონმდებლობის შესაბამისი ნორმა გამოუყენებია დასაბუთებისათვის და განაცხადა, რომ შესაბამისი კოდექსები თან არ ჰქონდა. მოსამართლემ, დახმარების მიზნით, თავისი კოდექსები შესთავაზა, თუმცა, ადვოკატის თქმით, შესაძლოა, ზუსტი ნორმები ვერ იპოვოს კოდექსში, რადგან არ ახსოვს. ადვოკატის ასეთი მოუწესრიგებელი და დაუსაბუთებელი განმარტებების ფონზე, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.”

კიდევ ერთ სხდომაზე ადვოკატი პროკურორს ეთანხმებოდა და მადლობას უხდიდა:

“პირველი წარდგენის კიდევ ერთ სხდომაზე, სადაც პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და ამისათვის შესაბამისი არგუმენტები წარმოადგინა, ადვოკატმა განაცხადა: “ჩემდა სამწუხაროდ, პროკურორის ნათქვამის ნახევარზე მეტს ვიზიარებ.“ ასეთივე კმაყოფილება გამოთქვეს ადვოკატებმა პროკურორის შუამდგომლობაზე კიდევ ერთ საქმეში, სადაც ბრალდების მხარემ გირაოს გამოყენება მოითხოვა. ადვოკატებმა განაცხადეს: „მადლობის მეტი რა გვეთქმის, კმაყოფილი ვართ პროკურორის პოზიციით“.

გარდა ამისა, კვლევა საუბრობს ადვოკატის როლზე საპროცესო შეთანხმების განხილვის პროცესში და აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა ადვოკატების არაეთიკური, ხარვეზიანი საქმიანობა და ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

“საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთ სხდომაზე ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში ჰქონდა კონსულტაციები და გააცნო კანონით გათვალისწინებული უფლებები. თუმცა პროცესის დაწყებამდე გაირკვა, რომ ადვოკატმა თავის დაცვის ქვეშ მყოფი პირველად სასამართლო სხდომაზე ნახა, რადგან ადვოკატმა ბრალდებულს მიმართა: „ვერანაირად ვერ შევძელი, პროცესამდე მენახე, ძალიან დაკავებული კვირა მქონდა.”

კიდევ ერთ პროცესზე კვლევა აღწერს შემთხვევას, როდესაც ადვოკატი ქაღალდის თვითმფრინავით თამაშობდა და პროცესს არ უსმენდა:

“საპროცესო შეთანხმების განხილვის ერთ-ერთ სხდომაზე ადვოკატი ტელეფონში იყურებოდა, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ პროცესის მიმდინარეობას არ უსმენდა. მოგვიანებით მან ფურცლისგან თვითმფრინავი გააკეთა და ხელში ატრიალებდა. თუმცა მოსამართლეს სასამართლო დარბაზში ადვოკატის ამგვარი შეუფერებელი ქმედებები არ შეუნიშნავს.”

გარდა ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული ხარვეზებისა, ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რომ კვლავ მაღალია აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიებებების – გირაოს, ან პატიმრობის გამოყენება და დაკვირვებულ შემთხვევათა მხოლოდ 4%-ში გამოიყენეს ალტერნატიული ღონისძიებები, ასევე, კვლავ პრობლემად რჩება  პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლობა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ანგარიშშია მითითებული, არის ის, რომ კვლავ არ ფიქსირდება სახელმწიფოს სათანდო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის არაერთ მძიმე შემთხვევაზე, რასაც ბრალდებულები სასამართლო პროცესებზე საუბრობენ.

 

ასევე, კლევის თანახმად, მაღალია მაჩვენებელი, როდესაც საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე მოსამართლე ბრალდებულებს უფლებებს არასრულყოფილად ან საერთოდ არ უმარტავს და ასეთი მიდგომა შემთხვევათა 28%-ში დაფიქსირდა.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი