ახალი ამბები

პროკურატურამ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საჩივრების გამოძიება შეაჩერა

16 აპრილი, 2013 • • 1151
პროკურატურამ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საჩივრების გამოძიება შეაჩერა

“მე გეტყვით ასეთ რამეს: ჩვენს უწყებაში არის რამდენიმე საქმე, სადაც მისი [როლანდ ახალაიას] პიროვნება ფიგურირებს, მაგრამ იგი არის პარლამენტის წევრი, სარგებლობს იმუნიტეტით და ამდენად, დაწყებული რამდენიმე საქმე კვლავ იმ სტადიაზე იმყოფება და გამოძიება გაჩერებულია”, – განაცხადა მან.


კბილაშვილის თქმით, არსებობს მექანიზმი, რომლის საფუძველზეც სადეპუტატო იმუნიტეტის დაძლევაა შესაძლებელი, მაგრამ ამ უფლებით საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ უსარგებლია.


“ეს არის მიმართვა პარლამენტისადმი… მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტს იუსტიციის მინისტრმა უნდა მიმართოს, ეს მისი პრეროგატივაა. მაგრამ მას [მინისტრს] ამის გამოყენება, გარდა სამართლებრივი მიზანშეწონილობისა, ასევე შეუძლია პოლიტიკური მიზანშეწონილობითაც… ჯერჯერობით ეს მოცემულობაა”, – განაცხადა მან.


კბილაშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა საქმეებია პროკურატურაში როლანდ ახალაიას წინააღმდეგ შესული.

 

როლანდ ახალაია გასული წლის ბოლოს დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე, თუმცა კონკრეტული საქმის დეტალებზე პროკურატურაში არც მაშინ გააკეთეს განმარტებები. იმ დროს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა:

 

“როლანდ ახალაიას მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება ერთ საქმეზე საპროცესო შეთანხმების მართლზომიერებას და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, იკვეთება თუ არა მისი დანაშაული, არაფერია გამორიცხული”.

 

ახალაიამ მაშინ უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, რაზეც კბილაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტარის მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებას არ სჭირდება პარლამენტის ნებართვა და ეს საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ დეპუტატის წინააღმდეგ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი