ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილისთვის თავდამსხმელების ვინაობა და მოტივი უცნობია

6 მარტი, 2016 • 1528
ალექსი პეტრიაშვილისთვის თავდამსხმელების ვინაობა და მოტივი უცნობია

როგორც ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, პეტრიაშვილისათვის უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა და მათი ქმედების სავარაუდო მოტივი. პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრს გუშინ შსს-ს წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. მისი დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

“მისთვის უცნობია იმ პიროვნებების ვინაობა, ვინც თავს დაესხნენ. საერთოდ არაფერს ეუბნებოდნენ, მოქმედებდნენ უხმოდ, სხვა პირებს დაემუქრნენ და უთხრეს, რომ არ მიახლოვებოდნენ. სხვა მათ არაფერი უთქვამთ და როდესაც სროლა დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ იარაღის მჭიდი დააცალეს ბატონ ალექსის, შემდეგ უკვე ჩაქუჩით თავში ურტყამდნენ. მისთვის თავდახმის მოტივი საერთოდ უცნობია და ვერანაირად ვერ უკავშირებს რაიმეს,” – განაცხადა ლევან სამუშიამ დაკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

ალექსი პეტრიაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციის ცნობით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შსს–მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა “თავისუფალი დემოკრატები” სქმის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი