ახალი ამბებისამართალი

ოქროპირიძის საქმის მოწმე ბათუმის ციხის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

22 ივლისი, 2017 • 3607
ოქროპირიძის საქმის მოწმე ბათუმის ციხის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარის ადვოკატი ამბობს, რომ ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულების დირექტორი და მისი მოადგილე თაბაგარზე ზეწოლას ახდენენ იმისათვის, რომ გიორგი ოქროპირიძის საქმეში ჩვენება არ მისცეს.

ადვოკატმა ირინა საღინაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ 21 ივლისს ნუგზარ თაბაგარმა უამბო იმის შესახებ, რომ 12-15 ივლისს ყოველდღე გაჰყავდათ ოპერატიული მორიგის ოთახში, მას ხვდებოდნენ ციხის  დირექტორი მიხეილ კანდელაკი, დირექტორის მოადგილე ბექა გაგნიძე, და სთხოვდნენ, რომ არ მიეღო გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესში მონაწილეობა.

ნუგზარ თაბაგარი ამბობს, რომ იგი შეესწრო, როგორ სცემეს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გიორგი ოქროპირიძე ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქ ყოფნის დროს და როგორ გამოესარჩლა მას თაბაგარი, რისთვისაც კარცერის წესით დასაჯეს.

2017 წლის 10 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე აჭარაში ომბუდსმენის წარმომადგენელმა, გიორგი ჩარკვიანმა დაადასტურა, რომ 2014 წლის სექტემბერში ბათუმის ციხეში მართლაც მოინახულა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, რომელსაც დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

გიორგი ოქროპირიძის საქმის ამ ეპიზოდში თაბაგარი დაცვის მხარის მოწმეა. საღინაძის თქმით, თაბაგარის მონაყოლის მიხედვით, ციხის ადმინისტრაცია ეუბნებოდა, რომ მას შეუმსუბუქებდნენ მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ადვოკატის თქმით, თაბაგარმა მას განუცხადა, რომ მისწერა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენისნპექციას, ამოიღონ ვიდეოსათვალთვალო კამერების ფირები, რომლებიც ასახავს მისი საკნიდან გაყვანას. მან ასევე მიმართა მთავარ პროკურატურას ამ საკითხის თაობაზე.

ადვოკატის თქმით, თაბაგარს თითქმის ყველა უფლება აქვს შეზღუდული, ვერ სარგებლობს კომუნიკაციის უფლებით, არ აქვს ამანათის მიღების უფლება და მარტო იმყოფება საკანში, რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

საღინაძე ამბობს, რომ თაბაგარი უარს ამბობს შეღავათების დაწესებაზე და მზადაა, რომ ჩვენება მისცეს ოქროპირიძის საქმეში.

“ყველა შემთხვევაში ის მოითხოვს, რომ მისი ბადრაგირება მოხდეს სასამართლო პროცესზე შესაბამისი ჩვენების მისაცემად”, – განაცხადა ადვოკატმა.

თუმცა ადვოკატი ეჭვობს, რომ თაბაგარს ხელს შეუშლიან, რომ ოქროპირიძის საქმეში სასამართლოს სხდომაზე დაუშვან. საღინაძის თქმით, თაბაგარს ბადრაგირებისას მთლიანად გაშიშვლებასა და ჩაჯდომების გაკეთებას სთხოვენ, რაც მისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავია.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ასეთ ქმედებებს ციხის ადმინისტრაცია მისი პროვოცირებისთვის აკეთებს, რომ იგი არ დაესწროს სასამართლოს სხდომებს.

ადვოკატ საღინაძის თქმით, მათ მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ თაბაგარი მოწმის სახით ფიქსირდება ოქროპირიძის საქმეში და თუ იგი არ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე, ეს იქნება მასზე ზეწოლის გამო და არა იმის გამო, რომ არ მივიდა თავისი ნებით სასამართლოს სხდომაზე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, საიდანაც განგვიცხადეს, რომ  ორშაბათს უპასუხებენ ციხის ადმინისტრაციის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.

2014 წელს თბილისში 27 წლის ლაშა მახარაძე მოკლეს. მკვლელობაზე გარდაცვლილის მეგობარი, გიორგი ოქროპირიძე გაასამართლეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის არ აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მისგან „ზონდერობას“ ითხოვდა, რაზედაც უარი უთხრა და სწორედ ამიტომ დააკავეს. თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ოქროპირიძემ ევროპის სასამართლოს მიმართა. ციხიდან ახლახან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება და თუ ევროსასამართლოდან საჩივრებს უკან არ გამოითხოვს, დედის ლიკვიდაციით ემუქრებიან. 2017 წლის 27 მარტს გიორგი ოქროპირიძის დედის სახლს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. ფაქტს პოლიცია იძიებს.

გიორგი ოქროპირიძის საქმეში არსებული კითხვების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი