ახალი ამბები

1,8 მლნ ლარის დანაკლისი პენიტენციურ სამსახურში – მასალები გამოძიებას გადაეცემა

29 დეკემბერი, 2020 • 1280
1,8 მლნ ლარის დანაკლისი პენიტენციურ სამსახურში – მასალები გამოძიებას გადაეცემა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 2017-18 წლებში ჩატარებულმა ინვენტარიზაციამ, ჯამში ,1 808 626 ლარის ოდენობის დანაკლისი გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იუსტიციის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშიდან. იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის განმარტებით, სრული სტრუქტურული ინვენტარიზაცია 2020 წლის დეკემბერში დასრულდა და მოკვლეული მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეცემა.

რა დაადგინა აუდიტმა?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა იუსტიციის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. პენიტენციურ სამსახურში დანაკლისი გამოვლინდა ორი ინვენტარიზაციის შედეგად— საწყობში ჩატარებული და მედიკამენტების.

  1. საწყობის ინვენტარიზაცია

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 2019 წელს ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ უძრავ ქონებაზე და სტრატეგიულ აქტივებზე. 2018 წელს საწყობში ჩატარებულმა ინვენტარიზაციამ გამოავლინა 915 049 ლარის დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისიდან გარკვეულ ნაწილზე დადგინდა პირთა ბრალეულობა — საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის თანახმად, აღნიშნული დანაკლისი წარმოადგენდა 2016 წელს ჩატარებული გამოძიების შედეგად უკანონოდ მითვისებულ მარაგებს 232.09 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, სხვადასხვა დასახელების, ძირითადად წინა პერიოდებში მიღებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს.

ინვენტარიზაციის შედეგები შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, რომელმაც იმ მოტივით, რომ პროცედურები ჩატარდა მხოლოდ სასაწყობო სამმართველოში და აღნიშნული ვერ უზრუნველყოფდა მატერიალური აქტივების სრულად მოძიებას, მიიჩნია, რომ საჭირო იყო სრული სტრუქტურული ინვენტარიზაცია. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ დანაკლისების რეალური მიზეზების დასადგენად, 2019 წელს სამსახურში ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა და აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ინვენტარიზაციის ჩატარება სპეციფიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საბოლოოდ, სრული ინვენტარიზაცია სამსახურში 2020 წელს ჩატარდა.

  1. მედიკამენტების ინვენტარიზაცია

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგად, 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმით, კომისიამ გამოავლინა 893 577 ლარის დანაკლისი, მათ შორის, გაუქმებულ პენიტენციურ დაწესებულებებზე რიცხული 134 777 ლარის მარაგები. ამავე ოქმში მოცემული განმარტებით, დანაკლისი განპირობებული იყო წინა პერიოდებში მედიკამენტების აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობით, ინვენტარიზაციის განუხორციელებლობით და მარაგების ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებებით.

“გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით არ განხორციელებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და ინვენტარიზაციის შედეგები, შემდგომი შესწავლის მიზნით არ არის გადაგზავნილი სამართალდამცავი ორგანოებისთვის. აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა მარაგების ანგარიშზე რიცხული, წინა პერიოდებში ჯანდაცვის სამინისტროდან უსასყიდლოდ მიღებული 1 162 684 ლარის მედიკამენტები და სამედიცინო სახარჯი მასალა, რომელიც წარმოადგენს მიმწოდებელი ორგანიზაციების კონტროლირებად მედიკამენტებს და ამავე ორგანიზაციის მიერ ჩამოწერილია ხარჯებში. ვინაიდან ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჯანდაცვის სამინისტროს ბენეფიციარები არიან, აღნიშნული მარაგები ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანგარიშზე საანგარიშო წლის ბოლოს ირიცხება 893 577 ლარის ფაქტობრივად არარსებული ნაშთი, ჯამურად სასაქონლო – მატერიალური მარაგების ანგარიშზე არსებული თანხა წარმოდგენილია 2 056 261 ლარით გაზრდილი ღირებულებით”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ 28 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ვინ არის დანაკლისზე პასუხისმგებელი?

პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში 2018 წლის ივლისში, სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შედეგად გადავიდა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი თეა წულუკიანი კითხვებს 2018 წლის ივლისამდე განვითარებულ პროცესებზე სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ კახი კახიშვილზე ამისამართებს, ხოლო იმ ფაქტს, რომ მასალები ამ დრომდე არ არის გადაგზავნილი გამოსაძიებლად, ინვენტარიზაციის პროცესის პირველ დეკემბერს დასრულებით ხსნის.

“2018 წლის 10 იანვარს არსებობდა ცალკე სამინისტრო — სასჯელაღსრულების სამინისტრო, ციხეები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არ იყო შემოსული. შესაბამისად, უფრო ლოგიკური იქნება, 2018 წლამდე პროცესების მიმდინარეობაზე წინა მინისტრ კახი კახიშვილს დაუსვათ კითხვა”, – მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

თეა წულუკიანის განმარტებით, სამინისტროების რეორგანიზაციის გამო, კახიშვილის უწყებამ “ვერ მოასწრო” დარღვევებზე რეაგირება და სრული ინვენტარიზაცია უკვე მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დაიწყო.

“2018 წელს სწორედ ბატონი კახის ხელმძღვანელობით აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება დავიწყეთ, იმიტომ, რომ როდესაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, წინა ხელმძღვანელობამ ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოასწრო და ეს ჩვენ გავაკეთეთ. იმავე აუდიტის შედეგებით თქვენ ნახავთ, რომ 2018-20 წლებში არავითარი დანაკლისი არ არის, ხოლო 2017 წლის დანაკლისი, რა თქმა უნდა, გადაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში. ჯერ არ გადაგზავნილა იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია, რომელმაც ოფიციალურად უნდა დადასტუროს დანაკლისი, 2020 წლის პირველ დეკემბერს დასრულდა და წლის ბოლოს, როდესაც ხელი მოეწერება და გაფორმდება დოკუმენტები, 2017 წლის დოკუმენტები გადაგზავნილი იქნება [საგამოძიებო ორგანოში]”, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება 2017 წლის მედიკამენტების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქმე. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, აუდიტის სამსახურის დასკვნაში საუბარია სხვადასხვა პერიოდში როგორც მედიკამენტების, ისე საწყობის ინვენტარიზაცის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე. “ნეტგაზეთმა” პენიტენტციური სამსახურისგან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, ორივე ინვენტარიზაციაა გამოძიების საგანი, თუ მხოლოდ ერთი, რაც უწყებაში იმით ახსნეს, რომ არ სურთ, გამოძიებას ხელი შეუშალონ.

პენიტეტნიცურმა სამსახურმა სპეციალური განცხადებას გაავრცელა და თქვა, რომ “ვერც თეა წულუკიანი და ვერც მისი მოადგილეები ვერ იქნებიან პასუხისმგებლები პენიტენციურ სისტემაში 2018 წლის ივლისამდე პერიოდში გამოვლენილ დანაკლისებზე”, თუმცა არაფერი უთქვამს კახი კახიშვილის შესაძლო პასუხისმგებლობაზე.

უწყების ცნობით, სწორედ თეა წულუკიანის და მისი მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ინიციატივით დაიწყო 2019 წელს სრული ინვენტარიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები და ვინაიდან ეს  საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, ინვენტარიზაცია 2020 წელს დაიწყო.

“მათ შორის 2020 წლის ივლისში დაიწყო სამედიცინო დეპარტამენტის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა სწორედ ზემოთ ხსენებული პერიოდის (პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასვლამდე პერიოდის) დანაკლისები. ინვენტარიზაცია დასრულდა 2020 წლის დეკემბერში და მოკვლეული მასალები გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

თავად კახი კახიშვილს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია მისი მინისტრობის პერიოდში პენიტენციურ სამსახურში გამოვლენილ დანაკლისზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი