ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოქროპირიძეს საკანში დაზიანებები აღენიშნებოდა

10 ივლისი, 2017 • 3234
ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოქროპირიძეს საკანში დაზიანებები აღენიშნებოდა

დღეს, 10 ივლისს, გამართულ სასამართლო პროცესზე აჭარაში ომბუდსმენის წარმომადგენელმა, გიორგი ჩარკვიანმა დაადასტურა, რომ 2014 წლის სექტემბერში ბათუმის ციხეში მართლაც მოინახულა ლაშა მახარაძის მკველობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, რომელსაც დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ორქროპირიძეს პროკურატურა ედავება, რომ სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს, ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში მიცემული ახსნა-განმარტება, სადაც ის აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ, “ცრუ დასმენა” იყო.

დღეს სასამართლოში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, გიორგი ჩარკვიანმა სრულად გაიმეორა საკუთარ ოქმებში აღწერილი გარემოებები. კერძოდ, ჩარკვიანის თქმით, 2014 წლის 22 სექტემბერს, როდესაც ბათუმის ციხეში შესახლებული გიორგი ოქროპირიძე მოინახულა, ოქრიპირიძემ მას მოუთხრო, როგორც პროტესტის ნიშნად მიყენებული თვითდაზიანების, ასვეე იმის შესახებაც, რომ იგი უშუალოდ რეჟიმის თანამშრომელმა სცემა.

“პატიმარს ტანსაცმელი აქვს მტვერით დასვრილი… მისი განმარტებით, მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერო ზეწოლა, რაც დაწერა ჩემთვის მოცემულ ახსნა-განმარტებაში. პატიმარს ასევე აქვს მარცხენა ხელი შეხვეული, რაც, მისი განმარტეით, შეუხვია N3 დაწესებულების ექიმმა მას შემდეგ, რაც მიიღო თვითდაზიანება,”- წერია გიორგი ჩარკვიანის მიერ 22 სექტემბერს შედგენილ ოქმში.

მომდევნო ოქმში საუბარია ოქროპირიძის სხეულზე არსებულ დაზიანებაზე, კერძოდ- კოპზე, როემლიც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აღწერა. ამ ოქმში ოქროპირიძე მასთან საუბრისას  ამბობს, რომ 22 სექტემბერს, ომბუდმენის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ მასზე ფიზიკური ზეწოლა კვლავ გაგრძელდა.

გიორგი ჩარკვიანი

“პატიმრის განმარტებით, მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები სისხლდენის შემდეგ, თავის არეში ტკივილები, გაბუჟებული აქვს ორგანიზმი და უჭირს სუნთქვა. თავზე აქვს მარჯვენა მხარეს წინ კოპი, რაც მიიღო ფიზიკური ზეწოლის დროს 2014 წლის 25 სექტემბერს…” – წერია გიორგი ჩარკვიანის მიერ შედგენილ მომდევნო ოქმში.

დაცვის მხარემ სახალხო დამცველის წარმომადგენელს ჰკითხა, არსებობდა თუ არა ოქროპირიძის საკანში რაიმე ისეთი ნივთი, რითაც თვითდაზიანების მიყენება შეეძლო, რაზეც გიორგი ჩარკვიანმა უპასუხა, რომ არ ყოფილა და თუკი მსგავსი რამ იარსებებდა, ოქმში დაფიქსირებული იქნებოდა. ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩვენებიდან გაირკვა, რომ კამერა სრულად აკონტროლებდა საკნის პერიმეტრს, მათ შორის, საპირფარეშოს მონაკვთს. დაცვის მხარის ცნობით, ამ კამერის ჩანაწერები საქმეში არ დევს.

დაცვის მხარეს ხელთ აქვთ სამხარაულის ექპსეტრიზის ბიუროს დასკვნაც, რომელიც 26 სექტემბერს არის ჩატარებული. ამ დასკვნის თანახმად, 26 სექტემერს ოქროპირიძეს აღენიშნებოდა დაზიანებები: “ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის არეში და სისხლნაჟღენთები ორივე საფეთქლის საპროექციოდ, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად. სწორკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წინამხრის არეში, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად”.

პროკური ლაშა კოტრიკაძე დაკითხვის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ომბუდსმენი არ არის ფაქტის თვითმხილველი და იგი მხოლოდ ოქროპირიძის მონათხრობის მიხედვით საუბრობს.

“ამას ჩვენ ველოდით. მან, ფაქტობრივად, დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც ასახულია მის ახსნა-განმარტებით ბარათში, დაადასტურა ასევე ისიც, რომ ხელზე დაზიანებები თავად გიორგი ოქოპირიძემ მიიყენა და ეს იყო თვითდაზიანებები. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, სახალხო დამცველის წარმოამდგენელი მოცემულ შემთვევაში ფაქტის თვითმხილველი არ არის, შესაბამისად, ის ვერც ვერაფერს დაადასტურებს და ვერც ვერაფერს უარყოფს. მან გადმოსცა გიორგი ოქროპირიძის მიერ ნათქვამი. ამ ფაქტის თვითმხილველი ეს მოწმე არ იყო, ამიტომ მის ჩვენებას რაიმეს დამადასტურებელი ან უარყოფითი ხასიათი არ გააჩნია, ეს უნდა დაედასტურებინათ მათ, ვინც უკვე დავკითხეთ – ციხის თანამშრომლებს,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას პროკურორმა.

ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელები, მათ შორის, მინდია მალაყმაძე, ვისაც ოქროპირიძე ცემაში ადანაშაულებს, სასამართლომ უკვე დაკითხა. ისინი ამბობენ, რომ ოქროპირიძე არავის უცემია და მან თვითდაზიანება მიიყენა.

“მთელი მესამე დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთი ლექსიკით, სიტყვაც კი არ არის გადაადგილებული, ყველას აქვს შაბლონური ტექსტი, მათ შორის მინდია მალაყმაძეს, რომ ოქროპირიძემ თვითდაზიანება მიიყენა და მას არ უცემია,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ადვოკატი თამარ ავალიანი, რომელიც ოქრროპირიძის ინტერესებს იცავს.

მისივე თქმით, საქმეში არ დევს საკანში არსებული კამერის ჩანაწერები, რომელიც ნათელს მოჰფენდა, თუ ვინ სცემა ოქროპირიძე:

“ის, რომ გიორგი ოქროპირიძემ თვითდაზიანება მიიყენა, როგორც პროტესტის ფორმა, ეს არ არის დასამალი. აქ საქმე ეხება იმას, რომ გიორგი ოქროპირიძეს აბრალებენ, რომ თვითდაზიანებები მიიყენა 22 სექტემბერს, 23 სექტემბერს და შემდეგ დღეებში. ანტივანდალურ საკანს 24 საათის განმავლობაში უყურებს კამერა, გიორგი ოქროპირიძეს აკრძალული ნივთით რომ მიეყენებინა თვითდაზიანება, ეს უნდა გამოჩენილიყო, კამერას უნდა დაეფიქსირებინა. თუ მათ ჰქონდათ ჩანაწერი, რომ გიორგი ოქროპირიძე იყენებდა თვითდაზიანებას, რატომ არ დააარქივეს და რატომ არ წარმოადგინეს მტკიცებულებად?”- ამბობს თამარ ავალიანი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ადვოკატის თქმითვე, ომბუდმენმა 24 საათის გასვლამდე მიმართა მესამე დაწესებულებას, რომ სასწრაფოდ დაეარქივებინათ ჩანაწერები, რაზეც უარი განაცხადეს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხივა გიორგი ოქროპირიძის სასამართლოზე დასწრება. ოქროპირიძე სასამართლო პროცესიდან მოსამართლის უპატივცემულობის მიზეზით იყო გაძევებული და პროცესებს ამიტომ ვერ ესწრებოდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ მისი გაძევებიდან უკვე გასულია გონივრული ვადა და “ბრალდებულს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს”. შესაბამისად, მომდევნო პროცესს, რომელიც 29 აგვისტოს დაინიშნა, სავარაუდოდ, ოქროპირიძე დაესწრება.


 

პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 8 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ ცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.

2015 წლის ივნისიდან უკვე 2 წელი გავიდა, “ცრუ დასმენის” საქმეზე კი მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. ბრალდებულის ადვოკატის, თამარ ავალიანისა და დედის, ცირა გოდერძიშვილის განცხადებით, ოქროპირიძე ციხის თანამშრომელთა მხრიდან მუდმივ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ სტრასბურგში შეტანილი სარჩელის გამოთხოვას აძალებენ.

გიორგი ოქროპირიძის საქმეში არსებული კითხვების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი