ახალი ამბები

ციხის პერიმეტრის კონტროლის ახალი მექანიზმი, ჯერჯერობით, მხოლოდ ინიციატივაა

25 ივნისი, 2018 • 1552
ციხის პერიმეტრის კონტროლის ახალი მექანიზმი, ჯერჯერობით, მხოლოდ ინიციატივაა

19 ივნისს პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამას განიხილავდნენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ციხის გარე პერიმეტრის ახალი ტექნოლოგიებით დაცვის ინიციატივის შესახებ ისაუბრა. კახა კახიშვილის თქმით, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას წვევამდელების მიერ ციხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვაზე და ტერიტორიის დაცვა მიწის ქვეშ დამონტაჟებული ტექნოლოგიით უნდა მოხდეს.

“ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა, როდესაც კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები და, ვფიქრობთ, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ. არცერთ ევროპულ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, ასეთი სისტემა და მოდელი აღარ არის.  სამ დაწესებულებაში ეტაპობრივად განხორციელდება თანამადროვე ტექნლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამა. ვიბროსეისმური ტექნოლოგიები მიწის ქვეშ დამონტჟება, რათა პერიმეტრთან მიახლოების ინდიკატორებმა გვიჩვენოს, რა ხდება ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავდროულად, შეიქმნება დაკავების ჯგუფები. სამწუხაროდ, წლების მანძილზე ციხეებში მიმსვლელთა შემოწმების სამსახური არ არსებობდა. უკვე ჩამოვაყალიბეთ მთავარი სამმართველო, რომელიც აეროპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტში სწავლებას გაივლის. მსგავსი ტიპის პროგრამით განვახორციელებთ ციხეებში შემსვლელი ადამიანების კონტროლს, რათა აკრძალული ნივთები პენიტენციალურ დაწესებულებაში შეტანილი არ იყოს,” – განაცხადა მინისტრმა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა კეთდება ამ პროგრამის განსახორციელებლად სასჯელაღსრულების სამინისტროში. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გარე პერიმეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვა, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა, ჯერ მხოლოდ ინიციატივაა. სამინისტროსგან ამ ეტაპზე ამ ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი