ახალი ამბები

ახალაიას სასამართლო პროცესი 17 აპრილს განახლდება

15 აპრილი, 2013 • 2124
ახალაიას სასამართლო პროცესი 17 აპრილს განახლდება

დღევანდელ სხდომაზე ახალაიას ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს ბრალის შესახებ დადგენილება, რადგან იმ დოკუმენტში, რომელიც ახალაიას მხარეს გადაეცა, არის მხოლოდ პროკურორის ხელმოწერა და არ არის თარიღი და ბრალდებულების ხელმოწერა, ხოლო დოკუმენტში, რომელიც საქმეში დევს, ეს ხარვეზები არ არის. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი გაყალბებულია პროკურატურის მიერ, რადგან როცა ეს ბრალი წარუდგინეს ახალაიას, იმ დღეს მოსამართლე მსჯელობდა ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და რადგან არსებობდა მისთვის წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს დაკისრების ალბათობა, პროკურატურამ ნაჩქარევად დაუმძიმა მას ბრალდება.

 

პროკურატურა ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. პროკურორების განცხადებით, მათ არ იციან, საიდან მოიტანა დაცვის მხარემ არასრულყოფილი დოკუმენტი.

 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა 58 მოწმის ჩვენების დაუშვებლობა, რადგან ადვოკატებით თქმით, ეს ჩვენებები ერთმანეთის იდენტურია და შეცდომებიც კი მექანიკურად არის გადატანილი ერთიდან მეორეში. პროკურატურა არც ამ ბრალდებას ეთანხმება.

 

ადვოკატები ასევე მოითხოვენ, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს რეინჯერთა წვრთნის ამსახველი ვიდეომასალა, რასაც პროკურატურა დაუშვებლად მიიჩნევს იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის ცნობით, გაურკვეველია ამ ვიდეომასალის წარმომავლობა.

 

ახალაიას საქმის ამ ეპიზიდის წინასასმართლო სხდომას მოსამართლე ნატო ხუჯაძე 17 აპრილს გააგრძელებს.

 

ბაჩო ახალაიას ბრალი რამდენიმე ეპიზოდის მიხედვით აქვს წაყენებული. მასთან ერთად ბრალდებულია არაერთი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი.

 

ერთი ეპიზოდი ეხება სამხედროებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას,როდესაც ახალაიამ ერთ-ერთ ჯარისკაცს თავის კაბინეტში დანის ტარი ჩაარტყა თავში;  მეორე ეპიზოდი ეხება ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს; მესამე ეპიზოდი ეხება სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურად დასჯას, მეოთხე ეპიზოდში საუბარია ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის პაატა პაატაშვილის ცემას სხვა ჯარისკაცების თვალწინ ბაზაზე ტელეფონის უნებართვოდ შეტანის გამო.

 

ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).

დადგენილება ბაჩო ახალაიას ბრალდების შესახებ
დადგენილება ბაჩო ახალაიას ბრალდების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი