ახალი ამბები

საქართველოს მთავრობას სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართავენ

15 აპრილი, 2013 • 2463
საქართველოს მთავრობას სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართავენ

ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი 17 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ 1915–1918 წლებში ოსმალთა იმპერიაში დაღუპული უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას, თუმცა, როგორც პეტროსიანი აცხადებს, ის არ აპირებს საქართველოს პარლამენტში სომეხთა გენოციდის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის მისაღებად საკითხის ინიცირებას.

 

პეტროსიანის განცხადებით, გენოციდი არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის, ამ შემთხვევაში სომხეთის, არამედ ზოგადად კაცობრიობის ტრაგედია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეთნიკური ნიშნით ადამიანების მასობრივი მკვლელობა აღარასოდეს განმეორდეს.

 

17 აპრილს თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში” სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება, რომლის ორგანიზატორებიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ერეკლე მეორის საზოგადოება” და თბილისის სომეხთა ასამბლეა არიან. როგორც “ნეტგაზეთს” “ერეკლე მეორის საზოგადოების” ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ განუცხადა, ღონისძიებს კონფერენციის სახე ექნება და ორ ძირითად თემას შეეხება:

 

“აქ მთავარი თემა იქნება შემდეგი: ბოლო 10–15 წელიწადია ძალიან ხშირად როგორც ზოგიერთი ქართველი, ასევე სომეხი ისტორიკოსის მიერ ხდება ქართულ–სომხური ისტორიის ფალსიფიცირება: იწერება არასწორი, ნეგატიური ინფორმაცია, რომ ვითომ ქართველებსა და სომხებს შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობდა… სინამდვილეში კი, ქართველები და სომხები მოძმე ერები იყვნენ საუკუნეების მანძილზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არასწორ, ფალსიფიცირებულ ინფორმაციას წინ აღვუდგეთ”, – განაცხადა ჭყოიძემ.

 

მისივე თქმით, კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სომეხთა გენოციდის საპარლამენტო დონეზე ოფიციალურად აღიაროს. იგი დარწმუნებულია, რომ თუ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, ამით თურქეთის რესპუბლიკა არ გაღიზიანდება, რადგან გენოციდი 1915–1918 წლებში ოსმალეთის იმპერიამ ჩაიდინა და თურქეთს ამ ფაქტთან კავშირი არ აქვს.


“ჩვენ გვინდა ვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოხდეს გენოციდის ფაქტის აღიარება. ეს გენოციდი თითქმის ყველა დემოკრტიულმა ქვეყანამ აღიარა: საფრანგეთმა, გერმანიამ და ჩვენც უნდა ვაღიაროთ, ვინაიდან 300 ათასი სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს აქ”, – განაცხადა ჭყოიძემ და დასძინა, რომ მისი ორგანიზაცია ზემოხსენებული მოთხოვნის გასამყარებლად ხელმოწერების შეგროვების დაწყებასაც გეგმავს:


“თუმცა ჯერ 17 აპრილს მოთხოვნას გავახმოვანებთ და შემდეგ დავიწყებთ ხელმოწერებზე ფიქრს”, – განმარტა მან.

 

ჭყოიძის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველოში სომეხთა გენოციდის აღმნიშვნელი მონუმენტი გაიხსნას, რათა ადამიანებს იქ მისვლის და დაღუპულების ხსოვნისათვის პატივის მიგების საშუალება მიეცეთ.

 
სომეხთა  სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. ეს დღე ყოველი წლის 24 აპრილს აღინიშნება. ამის შესახებ ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 

როგორც ცნობილია, სომეხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები 1915–1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხების მასობრივ მკვლელობად, გენოციდად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, ოსმალთა იმპერიამ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მილიონამდე სომეხი მოკლა. საქართველოში მოქმედი სომხური სათვისტომო ორგანიზაციები უკვე წლებია, რაც ყოველი წლის 24 აპრილს  თბილისში, თურქეთის საელჩოსთან აქციას მართავენ და ზემოხსენებული მოვლენების შედეგად დაღუპულ ადამიანების ხსოვნას მიაგებენ პატივს, ასევე საქართველოს მთავრობას გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდებენ. საქართველოს სომეხთა დიასპორა ანალოგიური აქციის გამართვას ამა წლის 24 აპრილსაც გეგმავს. შესაბამისი ღონისძიება მათ სოციალურ ქსელებში უკვე დააანონსეს.


“ჩვენ გვახსოვს და ვიბრძვით სამართლიანობისათვის”. მშვიდობიანი მანიფესტაცია სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
 
 
თურქეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ოსმალთა იმპერიის ისტორიაში სომეხთა გენოციდის არსებობის ფაქტს. როგორც პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმნული “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არავითარი გენოციდზე ლაპარაკი არ შეიძლება რომ იყოს. ერდოღანის აზრით, ამ მოვლენების შეფასება არა პოლიტიკოსების, არამედ ისტორიკოსების და იურისტების საქმეა. მისი თქმით, თურქეთი მზად არის მის არქივებში არსებული ისტორიული მასალები გამოაქვეყნოს და იგივეს გაკეთებისაკენ სომხეთსაც მოუწოდებს. ერდოღანი ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მხრიდან ტერმინ გენოციდის გამოყენებას შეცდომად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი