ახალი ამბები

პროკურორის თქმით, ოხანაშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს

18 ივლისი, 2017 • 2180
პროკურორის თქმით, ოხანაშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს

პროკურორი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსთან, სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და ამის გამო ვერ კითხავენ, ხოლო დეკანოზ მამალაძის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესახლოა ბრალდების მხარე განგებ არ უკავშირდება ოხანაშვილს იმიტომ, რომ ის მათთვის არასასურველი მოწმეა.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მზად იყო დაეკითხა სოსო ოხანაშვილი. მასთან ვცდილობდით დაკავშირებას, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზეც არაერთხელ ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ მიუწვდომელი იყო. შემდეგ დავუკავშირდით მის ოჯახის წევრებს. მათ განაცხადეს, რომ ის არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და არც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას,” – ამბობს პროკურორი.

როგორც ზვიად გუბლაძე აცხადებს, დეკანოზის ადვოკატები ამბობენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში შეეცდებიან ოხანაშვილის ჩამოყვანას და სასამართლოში მიყვანას.

“ოხანაშვილი არის როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მოწმე, რომელიც ფლობს გარკვეულ ინფორმაციას,” – აღნიშნა გუბელაძემ.

პროკურორის თქმით, თუ დაცვის დაცვის მხარემ არ უზრუნველყო ოხანაშვილის საქართველოში ჩამოყვანა და სასამართლოს წინაშე წარდგენა, ბრალდების მხარეს აქვს სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.

დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ეცდება, პირველ რიგში, სოსო ხანაშვილთან გერმანიაში დაკავშირებას. მისი თქმით, პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსი საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეა და მისი ჩვენება გავლენას მოახდენს პროცესზე. რამიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა პროკურატურა განგებ არ ცდილობს ოხანაშვილის დაკითხვას, რადგან მათთვის ის არასასურველი მოწმეა.

კითხვაზე, ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა ოხანაშვილის დაკითხვა გერმანიიდან, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე პასუხობს, რომ ჯერჯერობით მთავარია მასთან დაკავშირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის პროცესი დასრულდა. დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და პატრიარქის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილი. ამ დროისთვის სასამართლოში ბრალდების მხარის 100-მდე მოწმეა დაკითხული. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მოწმეთა სიაშია, თუმცა პროკურატურა დღემდე ვერ/არ ახერხებს მასთან დაკავშირებას. მომდევნო სხდომა პარასკევს, 11:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი