ამ შემთხვევაში, როცა საქმე გაუფილტრავ ლუდს ეხება, ხშირია არასწორი აღქმა და წარმოდგენა ქართველებში, რისი მიზეზიც, ხშირად უბრალოდ ინფორმაციის არარსებობაა…
„ლუდი წყურვილს მშვენერებად აქცევს“ – გვეუბნება უძველესი გერმანული ანდაზა… და ეს მართალიცაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გერმანული ტექნოლოგიებითა და გერმანული სიწმინდის ტრადიციით მოხარშულ ლუდს ეხება. მართალია, მეცნიერულად დამტკიცებულია და არაერთი ცნობილი ისტორიკოსისა და მკვლევრის ნაშრომიც ადასტურებს ამას, რომ ლუდის ხარშვა ჯერ კიდევ შუამდინარეთის ქალაქებსა და ძველ ეგვიპტეში იცოდნენ, ეს სასმელი მსოფლიო მასშტაბით პოპულარული სწორედ ევროპელი (გერმანელი, ბელგიელი, ჩეხი) მელუდეების მეცადინეობით გახდა.
დღეს მსოფლიოში, შუასაუკუნეების დროს შემუშავებული გერმანული სიწმინდის კანონის თანახმად, ლუდის ხარშვისთვის მხოლოდ ოთხი ინგრედიენტი – ალაო, სვია, საფუარი და წყალი – გამოიყენება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი დამზადების სპეციფიკისა და ხარშვის დროს გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ლუდი ერთადერთი სასმელია, რომელიც ყველა სახის აღწერილობას ესადაგება, დაწყებული რბილიდან მაგრამდე, ღიადან მუქამდე, ფაქიზიდან უხეშამდე, მტკიცედან ჰაეროვნამდე, არაჩვეულებრივიდან ორდინალურამდე, ელეგანტურიდან მიწიერამდე, მსუბუქიდან ძლიერამდე…
გაუფილტრავი ლუდი, რომელსაც გერმანულ ენაში სპეციალური ტერმინით – Kellerbiers – აღნიშნავენ, რაც პირდაპირ თარგმანში „სარდაფის ლუდს“ ნიშნავს, ჩვეულებრივი ლაგერის ტიპის ლუდია, რომელსაც არომატი სპეციალური სვიისგან აქვს მინიჭებული. ასეთი ლუდი სხვადასხვა სიძლიერისაა და როგორც წესი, მას ალკოჰოლის საშუალო გრადუსი აქვს 5.5-დან 6.5-მდე. უფრო ხშირად, გაუფილტრავ ლუდები მუქი ქარვისფერია, ამ ფერს მათ შედარებით მუქი ფერის ალაო (ე.წ. მიუნხენური ალაო) ანიჭებს, რომელსაც მოწითალო შეფერილობა გააჩნია.
ძველად, ორიგინალურ, ანუ ნამდვილ გაუფილტრავი ლუდს გაზიანობა დიდხანს არ მიჰყვებოდა, რადგან, ის სუფრაზე, როგორც წესი, თავღია მდგომარეობაში მოჰქონდათ, ძირითადად ხის კათხებში, როდესაც გაფუების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ტრადიციული გაუფილტრავი ლუდი მუქი და მღვრიე შეფერილობით გამოირჩევა, რადგან დაუდუღებელი ექსტრაქტი ვერ იჭერს გაზს და ლუდში შემავალი ნივთიერებები ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან და იჟანგება.
გაუფილტრავი ლუდი საუკეთესოა აპეტაიზერ სასმელებს შორის და მისი სადილის წინ მიღება ყველაზე მეტად არის რეკომენებული. დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, სადაც ლუდის ხარშვის კულტურა მაღალ დონეზეა განვითარებულ, გაუფილტრავ ლუდს, როგორც წესი, მცირე ზომის ლუდხანებში ხარშავენ, სადაც ძირითადად თიხის ან ხის კათხებს იყენებენ, შუშისა და თუნუქის ნაცვლად.