ახალი ამბები

საქართველო და რუსეთის ერთობლივ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობენ

11 აპრილი, 2013 •
საქართველო და რუსეთის ერთობლივ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობენ

არსებული ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილე საზღვაო ძალები თავდაცვაში, ნარკოდანაშაულში ჩართული გემების აღმოჩენაში, კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ბრძოლასა და ადამიანების გადარჩენის ოპერაციებში ვარჯიშობენ.

 

რუსული მედიის ცნობით, შავ ზღვაში ზემოთ ხსენებული წვრთნები 3 აპრილს დაიწყო და 23 აპრილამდე გასტანს. მასში ჩართული ხომალდები და კატარღები თავდაპირველად ბულგარეთის, ვარნას პორტის მიმდებარე აკვატორიაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი კურსი სევასტოპოლისკენ აიღეს.

 

აღნიშნულ წვრთნებში ქართული კატარღის მონაწილეობის ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც “ნეტგაზეთს” ამ უწყების პრესსამსახურში უთხრეს, ერთობლივ წვრთნებს BLACKSEAFOR–2013 ეწოდება და ის  ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში ტარდება.

 

“საქართველოს მხრიდან მასში მონაწილეობს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხომალდი ,,სოხუმი“, რომლის ეკიპაჟიც 18 წევრისგან შედგება”, – აცხადებენ შსს–ში.


რუსული მედია წერს, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსული და ქართული ძალები ერთობლივ წვრთნებში იღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი