ახალი ამბები

საერთო სასამართლოების შესახებ კანონი პარლამენტმა დაამტკიცა

5 აპრილი, 2013 • 1045
საერთო სასამართლოების შესახებ კანონი პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობამ.

 

“ამის უკან სხვა მოტივი რეალურად არ დგას. თუკი ადრე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება რაღაცნაირად ზეგავლენას ახდენდა სასამართლოზე. ყველა ის ბერკეტი, რომელიც შეიძლება ამისთვის გამოყენებული ყოფილიყო, არის უკვე დაკარგული და ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში ჩვენი მხრიდან ვერანაირი კონტროლი ვერ იქნება, მაგრამ ახალ ხელისუფლებას სურს, რომ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს”, – აცხადებს საპარლამენტო უმცირეოსობის წევრი გიორგი ბარამიძე, რომლის თქმითაც, პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო უნდა დაადოს.

 

საკნონმდებლო ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით ასარჩევად კანდიდატებს დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა დაჭირდება.

 

პარლამენტი ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრს აირჩევს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერი იურისტებისგან, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან შეირჩევა.

 

ცვლილებების მიხედვით, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. 

 

ამას გარდა, თუ კენჭისყრის მეორე ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, ორი დღის შემდეგ კენჭისყრის მესამე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად. 

 

ცვლილებების მიხედვით, თუ კენჭისყრის სამივე ტურის შემდეგ შეუვსებელი ვაკანსია დარჩება, 70 კალენდარული დღის ვადაში ხელახალი არჩევნები გაიმართება.

 

მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი ადგილია გათვალისწინებული.

 

საკანონმდებლო ცვლილებებს წინ უძღვოდა კონსულტაციები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა დღეს ეს ცვლილებები დაამტკიცა.

 

იმისათვის, რომ კანონი შევიდეს ძალაში, საჭიროა მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. მიხეილ სააკაშვილს აქამდე გაცხადებული აქვს, რომ გამოიყენებს ვეტოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი