ახალი ამბები

გორის გამგეობა სოფელ დიცში მიწის გაყიდვის საკითხს შეისწავლის

4 აპრილი, 2013 •
გორის გამგეობა სოფელ დიცში მიწის გაყიდვის საკითხს შეისწავლის

მოსახლეობამ დღეს დილას გამოარკვია, რომ სოფლის განაპირას მდებარე 140 ჰექტარი მიწა ინდოელმა ფერმერებმა შპს “მადლისგან” 2012 წლის 4 დეკემბერს იყიდეს.

 

სოფელი დიცი,qartli.ge –ს ფოტო
სოფელი დიცი,qartli.ge –ს ფოტო

ფერმერებმა მოსახლეობას მიწის ნასყიდობის დოკუმენტაცია წარუდგინეს. ამის მიუხდავად, დიცის მოსახლეობამ ვაშლის ბაღის გასაშენებლად გამზადებული ორმოები მიწით ამოავსო. ფერმერებმა ტერიტორია დატოვეს.

ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.    

 

ინციდენტის ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე მივიდა. მისი თქმით, გორის მუნიციპალიტეტი უკვე დაინტერესდა, თუ რამდენად სამართლიანად მოხდა მიწის გაყიდვა სახელმწიფოს მიერ: 

 

 „ხელშეკრულება ვნახეთ. შპს „მადლისგან“ აქვთ ნაყიდი ეს მიწა უცხოელების ოთხ კომპანიას. მანამდე როგორ მოხდა პრივატიზირება ეს არის გასარკვევი. ხალხი გამოთქვამს უკმაყოფილებას. დიცის მოსახლეობა ამბობს, რომ ნაკვეთები იყო სარეზერვო მიწა. როცა მათ დაურიგეს კუთვნილი 1 ჰექტარი, მაშინ დაპირდნენ, რომ დამატებით მიწას ამ ტერიტორიიდან მისცემდნენ.”

 

პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ  ინდოელი ფერმერები კეთილსინდისიერი  მყიდველები არიან: ” მათ იყიდეს ამ შპს “მადლისგან” ეს  მიწა. ეს მიწა სახელმწიფოს მიერ არის გაყიდული 2012 წლის 28 ნოემბერს, რომელიც იყიდა შპს–მ, ხოლო 2012 წლის 4 დეკემბერს უცხოელებს მიჰყიდა. რეესტრში დაირეგისტრირეს 28 ნოემბერს. ეს მიწა სოფლიდან მოშორებით არის და დიცის მოსახლეობამ მიწის გასხვისების შესახებ არაფერი არ იცოდა. როგორც კი დაინახეს, რომ დაიწყო სამუშაოები და ნარგავების ჩარგვა, მოსახლეობამ ფერმერებს წინააღმდეგობა გაუწია.“

 

პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ ამ საკითხში იურიდიულად ვერ ჩაერევა: ” საყურადღებო საქმეა. სოფელი კონფლიქტის ზონაა ფაქტობრივად. აქედან ჩანს სოფელი ფრისი, რომელიც ოკუპირებულია.” 

 

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი ამბობს, რომ შპს „მადლი“ ერთი წლის წინ დაფუძნდა: “საჯარო რეესტრიდან ვერ ამოვიღეთ ინფორმაცია მიწის გაყიდვის შესახებ. შპს–ს გასული წლის 28 ნოემბერს აქვს შესყიდული მიწები და 4 დეკემბერს გასხვისებული ინდოელებზე. ეს ინფორმაცია კოდირებულია. ამიტომ საჯარო რეესტრს ხვალ ოფიცილური წერილით მივმართავთ, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ, როგორ მოხდა მიწის პრივატიზება პირველად”. 

 

საკითხის ადგილზე შესასწავლად ხვალ სოფელ დიცში შიდა ქართლის გუბერნატორის ანდრო ბარნოვის წარმომადგენელი ჩავა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი